საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება

საქართველოს გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის გენერალურ პროკურორს კამრან ალიევს შეხვდა. შეხვედრას ასევე, საქართველოს გენერალური პროკურორის პირველი მოადგილე ბაკურ აბულაძე და საქართველოსა და აზერბაიჯანის პროკურატურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის მართლმსაჯულების მიმართულებით თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, დანაშაულთან ბრძოლაში გამოცდილების გაზიარებაზე, საქართველოსა და აზერბაიჯანში სისხლის სამართლის სფეროში ბოლო წლებში არსებულ მიღწევებსა და გამოწვევებზე და დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ეფექტიანი ბრძოლის კიდევ უფრო გაძლიერებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს, აზერბაიჯანულმა მხარემ საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლებს აზერბაიჯანის პროკურატურის ისტორიული მუზეუმი და პროკურატურის ახალი ადმინისტრაციული შენობა დაათვალიერებინა.

აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტის მეორე დღეს, საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე და აზერბაიჯანის გენერალური პროკურორი კამრან ალიევი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ალი ასადოვს შეხვდნენ.

პრემიერ-მინისტრთან გამართულ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პროკურატურებს შორის თანამშრომლობის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

წინა სტატიაშიევროკომისიის პრესსპიკერი პიტერ სტანო – დეკემბერში საქართველოს შესახებ ანალიტიკურ ანგარიშს, 2023 წლის შემოდგომაზე კი გაფართოების პაკეტის ანგარიშს წარმოვადგენთ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა რიგგარეშე სესიის მოწვევაზე განცხადება გააკეთა – ახლა შესვენება არ არის გამართლებული