სქემები, რომლებიც საქართველოში, რუსული დასანქცირებული ნავთობის სასიკეთოდ მუშაობს – “აი ფაქტის” მკვლევარებმა გამოიძიეს, თუ როგორ გადის სანქცირებული რუსული ნავთობი ევროპულ ბაზარზე საქართველოს გავლით.
“აი ფაქტის” გამომძიებელი ჟურნალისტების ინფორმაციით, 2023-2025 წლებში საქართველოდან ევროპის სამ ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი გაიზარდა. 2022 წლის შემდეგ ეს ტვირთი ჩვენგან ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და საბერძნეთში გაიგზავნა, ჯამში 170 000 ტონა. ვაჭრობის ამ სქემაში, ძირითადად, სამი კომპანია მონაწილეობს: “ჯეო ლოჯისტიკი”, “ზდ ნავთობის კომპანია” და “რუსთავოილი”. სამივე “ქართული ოცნების” ფრთის ქვეშაა. პარტიას ხან ოფიციალურად სწირავენ თანხას, ხან კი მორალურ მხარდაჭერას უცხადებენ.
“აი ფაქტის” მკვლევარი, ია ასათიანი აღნიშნავს, რომ “როსნეფტის” ნავთობი შედის უზბეკეთში, შემდეგ საწყობდება, საიდანაც საქართველოში შემოდის და ნიდერლანდებში გადის. კომპანია კი, რომელიც ამას აკეთებს – შპს “ჯეო ლოჯისტიკი” – რომეო მიქაუტაძესთანაა დაკავშირებული.
“აღმოჩნდა, რომ უზბეკეთში შესული ნავთობი, უზბეკეთიდან მომავალი ნავთობი, სინამდვილეში რუსული ნავთობი არის, რომელიც უზბეკეთში უბრალოდ დასაწყობდა. “როსნეფტის” ნავთობი შევიდა უზბეკეთში დასაწყობდა, შემდეგ წამოვიდა საქართველოში და საქართველოდან წავიდა უკვე ნიდერლანდებში. 2024 წელს დავიწყეთ ნიდერლანდებთან ვაჭრობა და ეს უკვე რაღაც უპრეცედენტო მასშტაბით.
ამასთან, საინტერესოა თვითონ კომპანია, რომელიც ამას აკეთებს, ეს არის შპს “ჯეო ლოჯისტიკი”, რომელიც დაკავშირებულია რომეო მიქაუტაძის მძახალთან, მისი შვილის [რომეო მიქაუტაძის შვილის] მეუღლის მამასთან. ჩვენ მათ დავუკავშირდით, ვესაუბრეთ და მათ გვითხრეს, რომ ისინი ამ ყველაფერს აკეთებენ სხვა კომპანიისთვის, მაგრამ არ დაგვისახელეს რომელი კომპანიისთვის აკეთებენ.
არის კიდევ მეორე სქემა, რომელიც ასევე ძალიან კარგად მუშაობს, ეს არის, როდესაც რუსეთიდან შემოდის ნავთობპროდუქტების რაღაცა ნაწილი, შემდეგ საქართველოში ის გადამუშავდება, იცვლის ფორმას, ან უბრალოდ კოდს და შემდეგ გადის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
ასეთი კიდევ ორი ქვეყანა არის, რომელიც ძალიან საინტერესო იყო ჩვენთვის, ეს იყო საბერძნეთი და შვეიცარია და კომპანიები, რომლებიც ამაში იყვნენ ჩართული ისინიც ძალიან საინტერესოები არიან, რადგან ერთ შემთხვევაში ეს იყო მაკა ასათიანის შვილი კომპანია “რუსთავოილი” და ჩვენ ვიცით მაკა ასათიანის ახალი ნავთობგადამამუშავებელი მანქანა, რომელიც ყულევში გაიხსნა და მეორე შემთხვევაში ეს იყო “ზდ ნავთობის კომპანია”, რომელიც დაკავშირებული არის ბიძინა ივანიშვილის ძმასთან, ალექსანდრე ივანიშვილთან, ბიზნესპარტნიორები არიან მათი მფლობელები ალექსანდრე ივანიშვილის,” – ამბობს ია ასათიანი.
ეკონომისტი, პაატა ბაირახტარი აღნიშნავს, რომ აღნიშნული სქემების შესახებ ყვლეამ ყველაფერი იცის.
“ჩვენ ქვეყანაში რამდენიმე სხვადასხვა ქეისი, ინდივიდუალური და დამოუკიდებელი ქეისი იკვეთება იმისა, რომ სანქცირებულ ნავთობ საქონელს სხვადასხვა ბრუნვა ჰქონდა ჩვენ ქვეყანაში. იყო ეს ტრანზიტის მიმართულება, იყო ეს გადამამუშავებელ ქარხანაში შემოსვლა და ა.შ.. აქედან გამომდინარე, ახლა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ამის შესახებ თითქოს არავინ არაფერი არ იცის, ეს რა თქმა უნდა ასე არ არის, სამწუხაროდ.
ამაზე ყველა თვალს ხუჭავს და ტექნიკურად ამისი გასუფთავება, ასე ვთქვათ აპრობირებული სქემების გამოყენებით ხდება ჯერ-ჯერობით და ეს ჩვენი ნოუ ჰაუ არ არის, ჩვენ თუ შევხედავთ საერთაშორისო ვაჭრობას სანქცირებული ნავთობით აპრობირებული სქემაა, ეს არის გემების სახელის შეცვლა, გემების ლოკაციის გათიშვა და ა.შ.,” – თქვა პაატა ბაირახტარმა.














