საქართველოს ევროპული გზა დაიწყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტის წევრი სახალხო პარტიიდან მირიამ ლექსმანი სიცრუეს უწოდებს პრემიერ ღარიბაშვილისა და ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლების მესიჯბოქსს, რომ ქართველი ოპოზიციონერები “ყველაფერს აკეთებდნენ” ქვეყანას არ მიეღო ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი.

ლექსმანი ამბობს, რომ საქართველოს ევროპული გზა პრეზიდენტ სააკაშვილის დროს დაიწყო და ახლა, როცა ქვეყანას ოლიგარქი მართავს, ეს დემოკრატია არ არის.

“ეს არის აბსოლუტური სიცრუე. ოპოზიციის ლიდერები საქართველოდან, მოგვმართავდნენ და გვთხოვდნენ დახმარებას, რომ ქვეყანას ევროპული გზით ევლო. ეს გზა დაიწყო სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს და ვიმედოვნებ, რომ საქართველო ისევ დაუბრუნდება ამ გზას, რადგან საქართველოს დღევანდელი მთავრობა არ ასრულებს კრიტერიუმებს, რაც ქვეყანას სჭირდება კანდიდატის სტატუსის მისაღებად. რა თქმა უნდა, დებატები ისევ გრძელდება, ნაგრამ პრობლემა ისაა რომ ჩვენ ვხედავ, საქართველომ ბევრი კუთხით გადაუხვია ევროპულ გზას და მნიშვნელოვანია დავეხმაროთ მას, დაუბრუნდეს ამ გზას, რადგან გვესმის, რომ ქართველი ხალხი მართლაც ოცნებობს გახდეს ევროპული ოჯახის ნაწილი, თუმცა ვერ გადავუხვევთ პირობებს და ხელშეკრულებებს, რომელშიც წერია, რა პირობები უნდა შეასრულოს ქვეყანამ რომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და დაიწყოს მოლაპარაკებები ევროკავშირთან.” ამბობს ევროდეპუტატი.

ლექსმანის თქმით, დეოლიგარქიზაცია არის მთავარი პირობა არამხოლოდ წევრობისთვის, არამედ ფუნქციური დემოკრატიისთვის და ივანიშვილის ჩარევა პოლიტიკაში სანქციების საფუძველი უნდა გახდეს:

“აშკარად ვხედავთ, რომ ოლიგარქია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკაში, ეს არასწორია. ასეთი რამ დემოკრატიულ ქვეყანაში არ უნდა ხდებოდეს. ვხედავთ პოლიტიკაზე ყოფილი პრემიერმინისტრის, ივანიშვილის გავლენას და ეს მიუღებელია. ევროპარლამენტის ბოლო რეზოლუციაში მკაფიოდ ვთქვით, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა უნდა შეისწავლონ საკითხები და ის, როგორც ეს ადამიანი ერევა პოლიტიკაში, სანქციების საფუძველი უნდა გახდეს. დეოლიგარქიზაცია არის მთავარი პირობა არამხოლოდ წევრობისთვის, არამედ ფუნქციური დემოკრატიისთვის, ჯანსაღ საზოგადოებაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ოლიგარქები დემოკრატიულ პროცესებში არ ერეოდნენ” ამბობს ევროპარლამენტარი.

banner
წინა სტატიაშიქვეყანა თუ ჩამორჩენილია, კანდიდატობას არ იმსახურებს, მაგრამ ჩვენ გვგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი ჩამორჩა რაღაცებს, თვითონ ეწევა კანდიდატობის საწინააღმდეგო კამპანიას – კობახიძე
შემდეგი სტატიამოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, ხაზი არ გადაუსვას წარსულ პროგრესს, გაატაროს რეფორმები – მწვანეები ევროპარლამენტში