საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესაძლო ბრალეულობას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ნიკოლოზ ბასილაშვილის შესაძლო ბრალეულობას ეხმაურება და განცხადებას აქვეყნებს.

როგორც სეოკ-ის განცხადებაში ვკითხულობთ, კომიტეტი წუხილს გამოთქვამს მომხდარის გამო ბასილაშვილის პირადი რეპუტაციის ეჭვის ქვეშ დაყენების გამო. განცხადებაში, ასევე, წერია, რომ კომიტეტი გმობს ძალადობას, თუმცა მოუწოდებს ყველას უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვისკენ.

„საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი წუხილს გამოთქვამს ცნობილი ქართველი ჩოგბურთელის ნიკოლოზ ბასილაშვილის ირგვლივ განვითარებული ამბების გამო. ჩვენ მას ვიცნობთ, როგორც ნიჭიერ სპორტსმენს, შრომისმოყვარე, მშვიდ და გაწონასწორებულ პიროვნებას, რომელმაც სწორედ სპორტული დისციპლინის, დიდი შრომისა და თავდადების ფასად შეძლო მნიშვნელოვანი გამარჯვებები მოეპოვებინა ქართული სპორტისთვის, მონაწილეობა მიეღო 2016 წლის ოლიმპიურ თამაშებში.

სამწუხაროა, რომ ამ დღეებში მომხდარი ინციდენტის გამო, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა ნიკოლოზ ბასილაშვილის პიროვნული რეპუტაცია. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვგმობთ ყოველგვარ ძალადობას, მაგრამ ამავე დროს მოვუწოდებთ ყველა მხარეს დაიცვან უდანაშაულობის პრეზუმფცია და სასამართლო განაჩენის დადგომამდე თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი ბრალდებებისგან”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს 27-ე ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ცოლის ცემის ბრალდებით 22 მაისს დააკავეს. მას 100 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ბასილაშვილი ბრალს არ აღიარებს და იმედოვნებს, რომ სასამართლო სიმართლეს დაადგენს. გარდა ამისა, შესაბამისი განცხადება ბასილაშვილის ოჯახმაც გაავრცელა. განცხადების თანახმად, ძალადობის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს.

banner
წინა სტატიაშიზუგდიდის ცენტრალურ ქუჩაზე სახლებიდან ველოსიპედები მოიპარეს
შემდეგი სტატიაირაკლი ხახუბია: დღეიდან ფოთში ჩვენ თანამოქალაქეებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისით