საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის რანგში რამაზ სვანაძემ პირველი ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა. ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი ალექსანდრე იაშვილი და ეროვნული გუნდის ვიცე-კაპიტანი ოთარ კიტეიშვილიც ესწრებოდნენ.
სვანაძის ხელმძღვანელობით ეროვნული ნაკრები პირველ მატჩს ხვალ ჩაატარებს. ჟურნალისტების კითხვაზე, რამდენად მზად არის იგი ახალი გამოწვევისთვის, მთავარმა მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ამ პოზიციამდე რთული და ხანგრძლივი გზა გაიარა:
„რამაზ სვანაძე ყველაფრისთვის მზად არის. მე ძალიან ხშირად მქონდა იმის შანსი, რომ ვყოფილიყავი ნაკრებში, როგორც ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი და მერწმუნეთ, ეს ჩემთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო.
რამაზ სვანაძე არ მოსულა მარტივად იქ, სადაც ახლა არის. მას ძალიან დიდი გზის გავლა დასჭირდა — დაწყებული ბავშვთა ფეხბურთიდან, ასაკობრივი ნაკრებებით, დამთავრებული ევროპის ჩემპიონატით, რომლის ანალოგიც მანამდე საქართველოში არ ყოფილა. ამიტომ, მე მგონი, აღარ უნდა დავაკონკრეტო, მზად არის თუ არა რამაზ სვანაძე იმისთვის, რომ იყოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი,“ — განაცხადა სვანაძემ.








