საქართველოს ეკლესიის გაყოფის საფრთხე – საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს ,,აქილევსის ქუსლი”

საქართველოს ეკლესიის გაყოფის საფრთხე – საქართველოს საპატრიარქოს სამდივნოს ,,აქილევსის ქუსლი”

(განმარტება: წერილში გამოყენებული ტერმინი ”საქართველოს საპატრიარქო” გულისხმობს პირველ რიგში კათოლიკოს-პატრიარქს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, ქორეპისკოპოსებს, სამდივნოს, პრესცენტრს)

ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში საქართველოს საპატრიარქომ მრავალი სასულიერო თუ საერო პირი, რომლებიც მას სამართლიანად უპირისპირდებოდნენ ან აკრიტიკებდენ, სრულიად ან ნაწილობრივ მოიკვეთა საკუთარი წიაღიდან. მოკვეთაში უპირველესად ვგულისხმობ ამ ადამიანთა მძიმე სულიერ – ემოციურ მდგომარეობას, რაც საპატრიარქოს სასტიკი მოქმედების შედეგად დაბრკოლებად ექცათ მისგან (საპატრიარქოსგან) მოკიცხულებს. ბევრი მათგანი ამ მდგომარეობაში გარდაიცვალა და მხოლოდ ზოგიერთი ინარჩუნებს ძალას, კვლავ დარჩეს სარწმუნოების და სულიერი ცხოვრების გალავანს შიგნით.
საპატრიარქოს მიერ განსაკუთრებული სისასტიკით იდევნებოდნენ ისინი, რომლებიც თუნდაც უმცირეს საფრთხეს უქმნიდნენ არსებულ სისტემას, რომელიც მხოლოდ ერთ ადამიანზე – კათოლიკოს პატრიარქზეა მორგებული და 1995 წლიდან ახალ, საბჭოური ტიპის დებულებაზეა დაფუძნებული.
საპატრიარქოს ამჟამინდელი ზეწოლა კრიტიკოსთა მიმართ შედარებით შესუსტდა, თუმცა პიროვნებათა ”გაფუჭების” პრინციპი იგივე დარჩა – ის ვინც დამყაყებულ და დაჭაობებულ სისტემას აკრიტიკებს, შერაცხულია ეკლესიის და პატრიატრქის უპირობო მტრად, თუმცა, სოციალური მედიის განვითარების პიკზე ( ეს ეხება განსაკუთრებუთ ,,ფეისბუქს” ) მტრის ხატის შექმნის ცნობლი ფორმულა უსუსურად გამოიყურება და დღითიდღე ძალას კარგავს – მრავლდება იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც სხვადასხვა საშუალებებით ალტერნატიულ ინფორმაციას იღებს საქართველოს ეკლესიაში მიმდინარე პრობლემებზე და სათანადო დასკვნები პიროვნული განსჯის შედეგად გამოაქვს.
როგორც ჩანს საქართველოს საპატრიარქო სოციალური მედიის ძალას გრძნობს, მაგრამ სათანადოდ ვერ აფასებს მას და ეს საბოლოოდ გახდება ამ სისტემის რღვევის ერთ-ერთი საშუალება. აქედან გამომდინარე ჩვენი, თეოლოგების და მრევლის აქტიურობას და ეკლესიის წიაღში მიმდინარე პროცესების შეძლებისდაგვარად ობიექტურ შეფასებას და მათზე სათანადოდ რეაგირებას(მგომარეობის გამოსწორების მიზნით) ალტერნატივა არ აქვს.
დავუბრუნდეთ თემის დასაწყის. იმ ფონზე, როდესაც საქართველოს საპატრიარქომ მრავალი მოწინააღმდეგე ჩამოიცილა და ეკლესიის მისტიური სხეულისაგან გამიჯნა და განიშორა, იგი შეშფოთებულია საქართველოს ეკლესიის შესაძლო ( ადმინისტრაციული) გაყოფით. არადა, ადმინისტრაციულ გაყოფა რა მოსატანია იმ შედეგებთან, რასაც ეკლესიის მისტიური სხეულიდან ადამიანის მოკვეთა იწვევს. თუმცა, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საპატრიარქოს მხოლოდ ადმინისტრაციული წესით გაყოფა ანაღვლებს, რადგან ამაში ხედავს დიდი უბედურებას – გავლენების დაკარგვას და შემოსავლის შემცირებას.
ადმინისტრაციული გაყოფა მართლაც ემუქრება ჩვენს ეკლესიას, თუ ის დარჩება რუსული ეკლესიის გავლენის ქვეშ, თუ ის მღვდელმთავრები, რომლებმაც 2016 წელს კრეტის კრებაზე წასვლა ჩაშალეს კვლავ მოახდენენ ზეწოლას წმინდა სინოდზე და რუსეთის საპატრიარქოს სასარგებლოდ, კანონიკური წესების უგულვებელყოფით უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას მხარს არ დაუჭერენ.
ამ საკითხის გადაწყვეტა რომ რუსული სცენარით მიმდინარეობს ადასტურებენ ის ფაქტები, რომ არაერთი იერარქი კონსტანტინეპოლის მსოფლიო საპატრიარქოს ირიბი დაგმობის ფონზე რუსლი ეკლესიისათვის სასარგებლო ”არგუმენტაციას” იყენებს. ასევე საგანგაშოა საქართველოს საპატრიარქოს განცხადება ( კაცმა არ იცის რამდენმა ხელმა დაწერა ის) მიტოპოლიტ ილარიონ ალფეევის მუქარასა და შანტაჟზე საქართველოს ეკლესიის მიმართ, სადაც არც ერთი სიტყვა არ წერია ე.წ. ახალგაზრდა მღვდელმთავრებზე, რომლებიც რუსი მიტროპოლიტის მტკიცებით, პატრიარქის წინააღმდეგ იბრძვიან. ეს არის დადასტურება იმისა, რომ საქართველოს ეკლესიის ნებსით თუ უნებლიეთ გაყოფის მოსურნე სწორედ საქართველოს საპატრიარქო გახლავთ, ემიჯნება რა იგი ”ახალგაზრდა” მღვდელმთავრებს.
აღარაფერს ვიტყვი იმის შესახებ, თუ როგორ ექცევა საპატრიარქო თბილისის სასულიერო აკადემიის და სემინარიის პედაგოგებსა და მოქმედ თუ ყოფილ სტუდენტებს. იგი ყოველთვის სასწავლებლის ადმინისტრაციის მხარეს იჭერს, რაც იწვევს იმის განცდას, რომ მოპასუხე მხარე საერთოდ არაა იესო ქრისტეს საიდუმლო სხეულის ნაწილი. ამავე კონტექსტშია აღსანიშნავი მიტოპოლიტ ანდრიას ( გვაზავა) მიერ თეოლოგების სინანულისკენ მოწოდება რათა ისინი ”დედა ეკლესიის წიაღს დაუბრუნდნენ”. განა ჩვენ სადმე წავედით? განა ჩვენ ეკლესიის წევრები არ ვართ?

ამ ყველაფრის ფონზე ეკლესიის გაყოფის საფრთხე რეალურია და თუ საპატრიარქოს უნდა ამ საშინელი შესაძლო მოვლენის თავიდან აცილება, უნდა მონახოს პრობლემათა აღმოფხვრის გზები, თავი დაანებოს კრიტიკოსთა მარგინალიზაციას და დაიწყოს სჯულის კანონის განწესებების შესრულება.

მე – 11 საუკუნემდე ვერავინ წარმოიდგენდა, რომ აღმოსავლეთის და დასავლეთის ეკლესია გაიხლიჩებოდა.

არც ახლაა გამორიცხული, რომ საქართველოში მოხდეს ალტერნატიული საპატრიარქო კათედრის დაარსება და მასში მრევლის ნაწილის გადასვლა.

პ.ს. ეს ყველაფერი მხოლოდ პროგნოზია, რომელიც რეალურ არგუმენტებს ეფუძნება.

 

ზვიად ცაბაძე, თეოლოგი

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველი ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სისტემურ პრობლემებზე მიუთითებს
შემდეგი სტატიაკირკიტაძის პატიმრობაში დატოვებით ხელისუფლება ოპონენტებს პოლიტიკურ დევნაზე საუბრის საფუძველს უქმნის