დეკანოზი ილია ჭიღლაძე:საქართველოს ეკლესიაში ფანატიზმის და ფუნდამენტალიზმის ანატომია

ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს ეკლესიაში წარმოშობილი ფანატიკური და აგრესიული ფუნდამენტალიზმით დაავადებული დაჯგუფებები არამხოლოდ დასავლეთის ქვეყნების დემონიზირებით და რუსეთის განდიდებით არიან დაკავებულები, არამედ კონსტანტინოპოლის მსოფლიო საპატრიარქოს მუდმივი გმობით და შეურაცხყოფით. მათ ასევე სასტიკად სძულთ და მწვალებელ მოდერნისტებად თვლიან მეოცე საუკუნის მართლმადიდებელი ეკლესიის ისეთ დიდ მეცნიერ და მქადაგებელ მამებს, როგორებიც იყვნენ პროტოპრესვიტერები- მამა ალექსანდრე შმემანი, მიმა იოანე მეიენდორფი, მამა პავლე ფლორენსკი, მამა გიორგი ფლოროვსკი, მამა ალექსანდრე მენი, მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი და სხვანი. სამაგიეროდ რამის მოციქულთა დონეზე ჰყავთ დაყენებულნი სქიზმატიკოსები- მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი და მთ. ეპ. ამბერკი ტაუშევი, მათი უკიდურესად ფუნდამენტალისტური რელიგიური შეხედულებების და დასავლეთის ცივილიზაციისადმი დიდი ანტაგონიზმის გამო. ძნელი არაა ამ რელიგიურ-საეკლესიო ხლართებში კრემლის იდეოლოგიის და გეგმების დახვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ამ ჯგუფებს ყოველგვარი ურთიერთობა არამართლმადიდებლებთან კატეგორიულად მიუღებელი მიაჩნიათ, ისინი სრულ იზოლაციონალიზმს ქადაგებენ. ესენი იყვნენ რომლებიც სირცხვილის კორიდორის მოწყობას ცდილობდნენ რომის პაპ ფრანცისკესადმი, როდესაც ის შედიოდა სვეტიცხოველში, სადაც სამეუფეო ზარების რეკვით და დიდი ზარზეიმით კარიბჭეში მიეგება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე. ამავე დაჯგუფებებისთვის პატრიარქ ილია მეორის პატრიარქობის პირველი ოცი წელი (1977-1997) სრულიად მიუღებელი და დაგმობილი ხანაა, გამომდინარე საქართველოს ეკლესიის მსოფლიო (ანუ ეკუმენურ) საეკლესიო საბჭოში ყოფნისა და კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ამ საბჭოს პრეზიდენტად ყოფნის გამო. დღეს თუ ჩუმად არიან ისინი ამის გამო, ეს მხოლოდ ტაქტიკური უკანდახევაა და არა პატრიარქის მიმართ სიყვარულით გამოწვეული ქმედება. ეს დაჯგუფებები მუდმივ ზეწოლას და შანტაჟს ახდენენ საქართველოს საპატრიარქოზე, თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ
საქართველოს ეკლესია მათ ტყვეობაშია, ეკლესია რომელიც გამოირჩეოდა ყოველთვის მისი შემწყნარებლობით, არაფანატიზმით, არაქსენოფობიით. სამაგიეროდ დღეს ეს ყველაფერი უხვად
გვაქვს ჩვენს დედა ეკლესიაში. ამ ფანატიკოსებმა ფეხქვეშ გათელეს არამხოლოდ სახარების სული და მოძღვრება, და ქრისტიანულად შეფერადებული იუდაისტური ფარისევლობა ააღორძინეს რჯულში, არამედ ფეხქვეშ გათელეს მრავალსაუკუნოვანი უნიკალური ქართული საეკლესიო გალობაც და ქართველ წმინდა მამათა მემკვიდრეობა.

საკითხის სისავსისათვის ისიც უნდა ითქვას რომ 1980/90-იან წლებში ამ ყველაფრის მესაძირკვლე და ფუძემდებელ-მოძღვარი საქართველოს ეკლესიაში იყო და არის თბილისელი რუსი არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი, ადამიანი ფართო ერუდიციით, წიგნიერებით და ინტელექტით, თუმცა კი რუსულ პრავასლავნიკურად იდეოლოგიზირებული, რომელმაც პრაქტიკულად იმაზე მეტი შეძლო, ვიდრე ყველა რუსმა ეგზარქოსმა 1817-1917 წლებში ერთად აღებულმა. დღეს თავისუფალი საქართველოს ავტოკეფალურ ეკლესიაში უფრო ძლიერია რუსული იდეოლოგიური გავლენები, ვიდრე ეს 1917 წელს, რუსული სინოდის ასექვსწლიანი ბატონობის დასრულების ჟამს იყო. ბევრი მისი დოგმატური ცდომილება, თვით მწვალებლური, ანუ ერეტიკული სწავლებანი ამხილა მრავალი პუბლიკაციით თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყვლების კათედრის გამგემ, პროფ. ედიშერ ჭელიძემ. ამის მიუხედავად, არქიმ. რაფაელი და მისი მიმდევრები კვლავ მყარად დგნან თავის ცრუ სწავლებებზე და აგრძელებენ მათ გავრცელებას საქართველოს ეკლესიაში.

აღსანიშნავია ისიც, რომ მრავალი პატრიოტი სასულიერო პირი უნებლიეთ ექცევა მათი სწავლებების გავლენის ქვეშ, რადგანაც მათ მიერ გამოცემული ცალმხრივი საეკლესიო ლიტერატურა ახდენს ადამიანის მენტალობაზე დიდ გავლენას, ეს თავად მე გამოვცადე და გავიარე წლების უკან. ერთადერთი გამოსავალი ვითარების გამოსასწორებლად არის საეკლესიო განათლების და ინფორმაციის გაძლიერება-განვითარება, რათა დაიძლიოს ჩრდილოეთის ჩრდილოვან (ე. ი. ბნელ) მხარეში (ე.ი. რუსეთი) ტრანსფორმირებული მართლმადიდებლობის გავრცელება საქართველოში და მის ნაცვლად მსოფლიო წმინდა ეკლესიის თავანკარა ნაკადულებს დაეწაფოს კვლავ ჩვენი ეკლესია, საიდანაც ნათლდებოდნენ და ცოდნის გზას იკვალავდნენ ჩვენი დიდი საეკლესიო მამები და ერი მირიან მეფიდან და წმინდა ნინოდან მოყოლებული საუკუნეთა მანძილზე.

 

დეკანოზი ილია ჭიღლაძე

banner
წინა სტატიაშიზვიად შალამბერიძეს ბაღდათში, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა პედაგოგმა სწავლის ახალი მეთოდოლოგია გააცნო
შემდეგი სტატიასაქართველოში კორონავირუსის შემთხვევათა რაოდენობა 148-მდე გაიზარდა, მათგან 27 გამოჯანმრთელებულია