საქართველოს დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 27, 2019 11:09

საქართველოს დღეს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან

27-28 მარტს საქართველოს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი და მისი თავმჯდომარე, ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი ესტუმრებიან.

საქართველოს, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის დიდი ხნის პარტნიორის მიმართ მხარდაჭერის დემონსტრირების ნიშნად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში, ნატო-ს სამხედრო კომიტეტი დღეს სხდომას გამართავს. სესიას ავიაციის მთავარი მარშალი სერ სტიუარტ პიჩი და საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია წარუძღვებიან. ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნობიან და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელებენ.

ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლებისთვის დაგეგმილია პრეზენტაციები ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ასევე ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ.

28 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. ამავე დღეს, ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, სოფიო ქაცარავა აცხადებს, რომ ძირითადად ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ტარდება ნატო-ს წევრ ქვეყნებში. საქართველოში მათი ვიზიტი უკვე მესამეჯერ ხორციელდება, რაც ადასტურებს იმას, რომ ნატო-ს დღის წესრიგში საქართველოს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს.

„საუბარი იქნება თავდაცვის სფეროში გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით, ასევე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით და თანამშრომლობის გაძლიერებაზე. თავად ფაქტი, რომ სულ ახლახან ნატო-ს გენერალური მდივანი სტუმრობდა საქართველოს და ახლა ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ტარდება საქართველოში, კიდევ უფრო მეტად ხაზს უსვამს ნატო-საქართველოს მჭიდრო თანამშრომლობას“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მარტი 27, 2019 11:09