“საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს” – არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია

“საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს”, – ამის შესახებ არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია სოციალურ ქსელში წერს.

მას, BBC-ის სიუჟეტთან დაკავშირებით მაღალი იერარქიის დუმილზე პროტესტი აქვს და აღნიშნავს, რომ მეუფე შიო დაკავებულია იმ მართალი არქიმანდრიტების დასჯით, რომლებიც მას ამხელენ.

“თაიმერი” არქიმანდრიტი შიო კვარაცხელიას “პოსტს” უცვლელად გთავაზობთ:

“საქართველოს დღეს ჰყავს ფაშისტური მთავრობა, რომელიც წამლავს ხალხს. „ქართული ოცნება“ კი არ უნდა გადადგეს – უნდა გასამართლდეს ქართველი ხალხის გენოციდისთვის. მთავრობა, რომელიც ქიმიური იარაღით წამლავს საკუთარ ახალგაზრდობას, დაწყევლილი და მიტოვებულია ღვთისგან. საეკლესიო წესით უნდა დაისაჯოს და განიკვეთოს ყველა ის მთავრობის წარმომადგენელი და პოლიციელი, ვისაც ამაში წვლილი მიუძღვის. მაგრამ დუმს მეუფე შიო და არ იცავს სამწყსოს – ის დაკავებულია მხოლოდ იმ მართალი არქიმანდრიტების დასჯით, რომლებიც მას ამხელენ. მას და მის დეკანოზებს მხოლოდ პირადი მხილება აწუხებთ და არ ადარდებთ არც ქრისტეს შეურაცხყოფა და არც ქართველი ხალხის ტანჯვა და გენოციდი. ნუთუ ვერ ხედავთ, რომ მგელი ჭამს ცხვრებს? მწყემსობა ხალხზე ბატონობა კი არა, ხალხის მსახურებაა. შეუძლებელია ერს ჰყავდეს მამამთავრობის ისეთი მსურველი, რომელიც არ განიცდის და არ სტკივა ხალხის უბედურება და მწამებლებთან ერთად ნადიმობს. ასეთი მღვდელმთავარი არათუ მამა, არამედ მამინაცვალიც კი არ არის”, – წერს არქიმანდრიტი შიო კვარაცხელია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ 1 დეკემბერს BBC-მ გამოაქვეყნა სტატია, სადაც ნათქვამია, რომ “ოცნებამ” პროევროპული აქციების მონაწილეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნაერთი “კამიტი” გამოიყენა.

banner
წინა სტატიაშიიტალიელი სენატორი BBC-ის სიუჟეტზე: “იტალიის მთავრობამ დაუყოვნებლივ უნდა დაიბაროს საქართველოს ელჩი”
შემდეგი სტატია“BBC-მ დაადასტურა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის ქიმიური ნივთიერება გამოიყენა” – ტერე ჰელანდი