”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა” კორცხელში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

ხელისუფლების მხრიდან წახალისებული ფიზიკური ძალადობა საპარლამენტო არჩევნების წინ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, – ამის შესახებ ნათქვამია „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ (GDI) მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში, სახელწოდებით, „კორცხელი – ხელისუფლების მიერ პოლიტიკურ ოპონენტებზე ფიზიკური ანგარიშსწორება“.

ანგარიშში ქრონოლოგიურად არის ასახული 2016 წლის 22 მაისს კორცხელში, საარჩევნო უბანთან განვითარებული მოვლენები, შეფასებულია სამართალდამცავ ორგანოთა საქმიანობის ეფექტურობა, როგორც პრევენციის, ისე სამართალდარღვევათა აღკვეთისა და გამოძიების წარმოების თვალსაზრისით, მოყვანილია ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების ასევე, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეფასებები. ანგარიშის მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირებასა და მათ სამართლებრივ კვალიფიკაციას.

„დამაფიქრებელია სამართალდამცავი უწყებების არასათანადო რეაგირება ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ ძალადობის შემთხვევებზე. ანგარიშში უარყოფითადაა შეფასებული კორცხელში, შემთხვევის ადგილზე მყოფ პოლიციელთა ქმედებები, რომლებსაც არც ძალადობის პრევენციის მცდელობა ჰქონიათ და არც მოძალადე სამართალდამრღვევი პირები დაუკავებიათ. ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა საგამოძიებო ორგანოების მიერ სამართალდამრღვევთა გამოვლენისა და პასუხისგებაში მიცემის გაჭიანურებას, დანაშაულებრივი ქმედებებისათვის დროულად და სწორ კვალიფიკაციაზე უარის თქმას, სამართალის შერჩევითად გამოყენების შემთხვევებს, მთავრობისა და მმართველი პარტიის ზოგიერთი თანამდებობის პირის საჯარო განცხადებებს, რომლებიც მიზნად ისახავდა საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ფაქტების არასწორად წარმოჩენას“, – აცხადებენ „საქართველოს დემოკრატიულ ინიციატივაში“.

ორგანიზაციას მიაჩნია, რომ 2016 წლის არჩევნების მშვიდობიან გარემოში ჩასატარებლად აუცილებელია, სახელმწიფომ მიიღოს ეფექტური ზომები კორცხელში ჩადენილი ძალადობის ფაქტების სრულად და ეფეტურად გამოსაძიებლად, მოძალადე პირების გამოსავლენად და მათ მიმართ სწრაფი მართლმსაჯულების განსახორციელებლად. მათ შორის სწრაფი, ეფექტური და გამჭირვალე გამოძიება უნდა წარიმართოს პოლიტიკური ძალადობის წაქეზებასა და მის სავარაუდო ორგანიზებაში ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირთა შესაძლო მონაწილეობის კუთხითაც.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანი : ჩატაევის გათავისუფლებას მივიჩნევდი ნაადრევად
შემდეგი სტატიალიანა შამუგია: ,, მე არ მყავს მკვლელი შვილი”