საქართველოს დელეგაცია ჟენევის მოლაპარაკებებზე დასასწრებად გაემგზავრა

ჟენევის მოლაპარაკებების 43-ე რაუნდი ხვალ დაიწყება. საქართველოს დელეგაცია ჟენევაში დღეს, გამთენიისას გაემგზავრა.

დელეგაციას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა ხელმძღვანელობს.

ორდღიან შეხვედრებზე ქართული დელეგაციის მხრიდან ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპირებულ ცხინვალში არჩილ ტატუნაშვილის საეჭვო ვითარებაში დაღუპვა იქნება.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ჟენევის ფორმატი არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომლითაც შესაძლებელია, მოგვარდეს ის პრობლემები, რომელიც საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან აქვს.

თალაკვაძის თქმით, შეხვედრაზე ქართული მხარე კიდევ ერთხელ დასვამს საკითხს, რომ რუსეთის ფედერაციამ შეასრულოს ვალდებულებები ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით, ასევე ჯარების გაყვანასა და ანექსიის შეწყვეტაზე.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის თქმით, არავის უნდა ჰქონდეს იმის განცდა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილი დანაშაულები და უფლებების დარღვევის ფაქტები დაუსჯელი დარჩება.

„ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანი არის, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის უფრო მეტი კონსოლიდაცია მოვახდინოთ. ჩვენი ხელისუფლების პირობებში, როგორც აშშ-ის, ისე ევროკავშირის მხრიდან საქართველოს აქვს ურყევი მხარდაჭერა და ბუნებრივია, ჟენევის ფორმატი, რომელიც არის ერთ-ერთი მთავარი საერთაშორისო ინსტრუმენტი, რომ ჩვენ შევძლოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და შევძლოთ მშვიდობიანი გზით მოვაგვაროთ ის პრობლემა, რომელიც გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან ოკუპაციის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა გვაძლევს საშუალებას, რომ ამ რაუნდზე და კიდევ რამდენიმე რაუნდზე უფრო აქტიურად დავაყენოთ საკითხი, რომ რუსეთმა შეასრულოს თავისი ვალდებულებები ძალის არ გამოყენებასთან დაკავშირებით, გაიყვანოს ჯარები და შეწყვიტოს ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. საქართველო არ დაკარგავს წონასწორობას, ჩვენ განვაგრძობთ განვითარებას, მაგრამ ნურავის ნუ ექნება იმის განცდა, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებები და უფლებადარღვევები დავიწყებას მიეცემა“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

მისივე თქმით, საქართველოს მოქალაქეების მიმართ ჩადენილ დანაშაულებსა და უფლებათა დარღვევის ფაქტებს მკაცრი საერთაშორისო შეფასებები მოჰყვება და საქართველოს ხელისუფლება ამ მიმართულებით მუშაობას გააგრძელებს.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში „მდედრიონი“ ჩამოყალიბდა!
შემდეგი სტატიაშსს-მ ჭიათურის მაღაროში მუშის დაღუპვის ფაქტზე გამოძიება დაიწყო