საქართველოს ბანკის მხარდაჭერით „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ გალაკტიონ ტაბიძის საიუბილეო კვირეულს გამართავს

საქართველოს ბანკი „თბილისი – წიგნის მსფოლიო დედაქალაქის“ ფარგლებში ღონისძიებების მხარდაჭერას აგრძელებს. გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის აღსანიშნად საიუბილეო კვირეული გაიმართება. დღეს 18 საათზე, ლიტერატურის მუზეუმის ორგანიზებით, ახალი ექსპოზიცია გაიხსნება, ხოლო 20 ნოემბერს პოეტის საიუბილეო საღამო გაიმართება.

გალაკტიონ ტაბიძის დაბადებიდან 130 წლის საიუბილეო გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება პოეტის ფოტოები, ლექსების ავტოგრაფები, ავტობიოგრაფიული ჩანაწერები, ნაწყვეტები დღიურიდან, პირადი წერილები, განცხადებები, ნახატები, მემორიალური ნივთები, აფიშები, პირადი წიგნები და ჟურნალ-გაზეთები. ექსპონატთა შორის იქნება მოსე თოიძის, გრიგოლ მესხის, ირაკლი თოიძის, თეოდორე ჩუდეცკის, ლევან ცუცქირიძის, მამია მალაზონიასა და გიგლა ფირცხალავას მიერ შესრულებული პორტრეტები. ასევე, ლექსების ილუსტრაციები და კარიკატურები. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება იაკობ ნიკოლაძის მიერ შექმნილი გალაკტიონის ბიუსტი.

ექსპოზიცია გალაკტიონ ტაბიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ქრონოლოგიურად ასახავს: ბავშვობას, სტუდენტობას, პირველი წიგნის გამოცემას. დამთვალიერებელი ასევე იხილავს მასალას მარჯანიშვილის ქუჩაზე მდებარე სახლის (ამჟამად, პოეტის სახლ-მუზეუმი) შესახებ, აფხაზეთში, ჩარგალში, მესხეთ-ჯავახეთსა და ვანში მოგზაურობაზე.

გამოფენის ფარგლებში, ნაჩვენები იქნება გალაკტიონ ტაბიძის პირადი და საჯარო ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალა.

20 ნოემბერს, 19 საათიდან კი, გუდიაშვილის მოედანზე, საიუბილეო საღამო გაიმართება, რომელიც სტუმრებს გალაკტიონის შემოქმედებას, როგორც ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის შთაგონების წყაროს, გააცნობს.

საღამოს ვახტანჯ ჯავახაძე, ნინო კასრაძე, ლაშა ბაქრაძე და ნესტან ნენე კვინიკაძე წაუძღვებიან. ისინი მოგვითხრობენ გალაკტიონ ტაბიძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან და უცნობ დეტალებზე. წაიკითხავენ ნაწყვეტებს მისი შემოქმედებიდან.

სცენას გალაკტიონის საარქივო ფოტომასალის ინსპირაციით, მხატვარ გიორგი ჯინჭარაძის მიერ შექმნილი ილუსტრაციები გააფორმებს. საღამოს რეჟისორი დავით საყვარელიძეა, მუსიკოსები კი დავით ევგენიძე, ეკო დეისაძე, ანუშკა ჩხეიძე, სანდრო (ბიბიჩა) კვაჭაძე და ცოტნე ზედგინიძე.

ინფორმაციისთვის, „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ UNESCO-ს პროექტია, რომლის გენერალური სპონსორი საქართველოს ბანკია. პროექტი თბილისის მერიის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.

წინა სტატიაშიზელენსკი – უკრაინასა და თურქეთს შორის პარტნიორობა ღრმავდება, ეს უკვე აძლიერებს ჩვენი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს
შემდეგი სტატიამარტვილში მგზავრობა გაძვირდა