საქართველოს ბანკი, ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, კომპანია „ამერიქან მონოლითი“ ფოთში სამაცივრე საწყობს და საკონტეინერო ტერმინალს აფართოებს.
პროექტის ჯამური ღირებულება 10 მილიონი ლარია და ის სრულად საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციაა, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.
ამჟამად, კომპანიის ტერიტორიის მთლიანი ფართობი 22,533 კვ.მ-ს შეადგენს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში კი იგეგმება დამატებით 9,745 კვ.მ მიწის ნაკვეთის შესყიდვა და არსებულ ტერიტორიასთან გაერთიანება, სადაც იგეგმება როგორც მაცივარ – საწყობების მოწყობა, ასევე, საკონტეინერო ტერმინალის გაფართოება და რკინიგზის ხაზის 70 მეტრით დაგრძელება, რაც კომპანიას საშუალებას მისცემს გაზრდილ ტვირთნაკადს ბევრად მოქნილად მოემსახუროს, ხოლო, პარტნიორ კომპანიებს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს პროცესებს და საშუალებას მისცემს მაქსიმალურად აითვისონ და დააკმაყოფილონ ბაზარზე არსებული მოთხოვნა.
„ამერიქან მონოლითი“ 2010 წელს დაარსდა და მას ევრაზიული კავშირის საბაჟო ლიცენზია გააჩნია, რომელიც ექსკლუზიურ უფლებას აძლევს კომპანიას, მიიღოს და გადაამუშაოს ევრაზიული კავშირის ქვეყნებისთვის (ყაზახეთი,ყირგიზეთი,ტაჯიკეთი) განკუთვნილი ტვირთები. მას ასევე აქვს სარკინიგზო ჩიხი, საიდანაც ხორციელდება პროდუქტების რკინიგზის ვაგონებში (კონტეინერებში) ჩატვირთვა და დანიშნულების ადგილამდე ტრანსპორტირება. ბოლო პერიოდში, ტვირთბრუნვის მზარდმა დინამიკამ და შესანახ ინფრასტრუქტურაზე გაზრდილმა მოთხოვნამ, დღის წესრიგში დააყენა გაფართოების საკითხი.
ჩვენ კი მივმართეთ ჩვენს პარტნიორს – საქართველოს ბანკს, რომლის ფინანსური მხარდაჭერითაც შესაძლებელი გახდა აღნიშნული პროექტის განხორციელება. ახალი, დამატებითი ინფრასტრუქტურის მოწყობა მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენი კომპანიის მუშაობის ეფექტიანობას, თანამედროვე სტანდარტების დანერგვას, ხარისხს, დამატებით ხალხის დასაქმებას, ასევე, ხელს შეუწყობს სატრანზიტო პოტენციალის ზრდასა და გაუმჯობესებას. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ პროექტის ფარგლებში ვგეგმავთ თანამედროვე დანადგარების, (რომლებიც გათვლილია ახალი, ბევრად უვნებელი-R 407 A ტიპის გამაციებელ ფრეონზე) სენდვიჩ-პანელების და მზის პანელების დამონტაჟებას, რითიც საჭირო ელექტრო მოხმარების დაახლოებით 15-20%-ის დაზოგვას შევძლებთ“, – განაცხადა ამერიქან მონოლითის დირექტორმა, მიხეილ სულაძემ.
„საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების განვითარებას აქტიურ რეჟიმში უჭერს მხარს, რადგან მიგვაჩნია, რომ რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის განვითარების საწინდარია. ფოთში, „ამერიქან მონოლითის“ უკვე არსებული ტერმინალის გაფართოება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან კომპანიას შესაძლებლობას აძლევს სამომავლოდ გაცილებით მეტ ტვირთნაკადს მოემსახუროს და მაქსიმალურად დააკმაყოფილოს ბაზარზე დღეს არსებული ჭარბი მოთხოვნა.
საქართველო ევროპასა და აზიას შორის ერთგვარ სატრანსპორტო დერეფანს წარმოადგენს და სწორედ სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია, რათა ჯეროვნად იქნეს ათვისებული არსებული სატრანზიტო პოტენციალი. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ჩვენი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერასა და გაძლიერებას.“ – განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ირაკლი კიკალიშვილმა.