„საქართველოს ბანკი“ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

„საქართველოს ბანკი“ გიორგი ჩახავას სახელობის სტიპენდიასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, მოტივირებული და შრომისმოყვარე ახალგაზრდებისთვის „საქართველოს ბანკი“ განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.

„სწორედ ამ მიზნით, ფინანსური ინსტიტუტი სხვადასხვა პროექტს ახორციელებს. ერთ-ერთ გამორჩეულ ინიციატივას კი სასტიპენდიო პროგრამები წარმოადგენს.

ჩივნინგის, ფულბრაიტისა და Miami Ad School Europe-თან თანამშრომლობით შექმნილი ნიკა გუჯეჯიანის სახელობის სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, არაერთმა ქართველმა სტუდენტმა სამაგისტრო საფეხურზე განათლება ევროპისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში სრული დაფინანსებით მიიღო.

საქართველოში ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, საქართველოს ბანკი ამჯერად ბაკალავრიატის საფეხურის სტუდენტებისთვის ახალ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს.

13 პარტნიორ უნივერსიტეტთან ერთად, საქართველოს ბანკი მოტივირებულ და ლიდერობის უნარების მქონე სტუდენტებს სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას სთავაზობს. ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, სტუდენტები შეძლებენ მიიღონ სწავლის 100%-იანი ან ნაწილობრივი დაფინანსება სასურველი მიმართულებით სასწავლებლად.

„საქართველოს ბანკის“ სტიპენდია ერთ-ერთია იმ მრავალი შესაძლებლობიდან, რომელსაც „საქართველოს ბანკი“ სტუდენტებს ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში სთავაზობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ პროექტი ერთჯერადი არ არის და სტუდენტებს ყოველ წელს ექნებათ შესაძლებლობა, სტიპენდია მოიპოვონ. სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობისათვის აუცილებელია, რომ აპლიკანტი იყოს საქართველოს მოქალაქე, ჰქონდეს ლიდერობის უნარები და დაინტერესებული იყოს საბანკო საქმიანობის, ბიზნესის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის ან თავისი უნივერსიტეტის სხვა პრიორიტეტული მიმართულებით. თითოეული უნივერსიტეტი პრიორიტეტულ მიმართულებებსა და სტიპენდიატის შერჩევის კრიტერიუმებს თავად განსაზღვრავს, რის შესახებაც ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ვებგვერდებზე განთავსდება“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, დეტალური ინფორმაცია საქართველოს ბანკის ახალი სასტიპენდიო პროგრამის შესახებ ხელმისაწვდომია (აღნიშნულ ბმულზე – აქ)

ამასთან, განმარტავენ, რომ ახალი საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, „საქართველოს ბანკის“ ინიციატივით შეიქმნა გამორჩეული ქართველი არქიტექტორის, გიორგი ჩახავას, სახელობის სასტიპენდიო პროგრამა, რომელიც ხუთი პარტნიორი უნივერსიტეტის (თავისუფალი უნივერსიტეტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი) არქიტექტურის სტუდენტებისთვის ქმნის სწავლის დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას.

„საქართველოს ბანკის“ ჩახავას სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულებს პარტნიორი უნივერსიტეტები თავად შეარჩევენ, რაც თითოეულის მიერ შემუშავებულ კრიტერიუმებზეა დამოკიდებული. სტიპენდიის მოპოვების მსურველები დეტალურ ინფორმაციას უნივერსიტეტის ვებგვერდის მეშვეობით ან ადმინისტრაციის დახმარებით მიიღებენ. ასევე, სტიპენდიების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე.

სტიპენდია, რომელიც მომავალი წარმატებული არქიტექტორების აღმოჩენის შესაძლებლობას ქმნის, სწორედ იმ არქიტექტორის სახელობისაა, რომლის ხედვებიც დროს უსწრებდა. გიორგი ჩახავას ეკუთვნის არაერთი ეპოქალური პროექტის იდეა, რომლებიც საქართველოს ფარგლებსაც სცდება. საქართველოს, უკრაინას, უზბეკეთს, ტაჯიკეთს, ლიბანს და სხვა ქვეყნებს დღემდე ამშვენებს გიორგი ჩახავას მიერ შექმნილი არქიტექტურა. ჩახავას უნიკალური ხელწერის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითი კი, „საქართველოს ბანკის“ სათავო ოფისის შენობაა. რეკონსტრუქციის შემდეგაც საქართველოს ბანკის სათავო ოფისის შენობა ქართული არქიტექტურის თვალსაჩინო ნიმუშად რჩება. აღსანიშნავია ისიც, რომ ნაგებობას უძრავი ძეგლის სტატუსიც აქვს მინიჭებული“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისამხარაძე – ევროკომისიის ანგარიშში ასახულია ბევრი პოზიტიური სიახლე, მთავარია, დოკუმენტს ლაიტმოტივად გასდევს, რომ ხელისუფლება ვიზალიბერალიზაციით დაკისრებულ მოვალეობებს ასრულებს
შემდეგი სტატიაგერმანია ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის 50 მილიონი ევროს დახმარებას გამოყოფს – ბერბოკი