აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრი ალი ასადოვი საქართველოს სამუშაო ვიზიტით ეწვია. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი დახვდა.
ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში საქართველოსა და აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრების თანათავმჯდომარეობით ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის მე-11 სხდომა გაიმართება.
აზერბაიჯანის დელეგაციის შემადგენლობაში ეკონომიკის, ენერგეტიკის, ციფრული განვითარებისა და ტრანსპორტის, ასევე მეცნიერებისა და განათლების მინისტრები იმყოფებიან.
„კომისიის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიც არის ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინვესტიციების, ვაჭრობისა და სხვა მიმართულებებით. ჩვენ ასევე გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ იმ რეგიონული მნიშვნელობის პროექტებზე, სადაც საქართველოსა და აზერბაიჯანის თანამშრომლობას უდიდესი როლი აქვს, განსაკუთრებით კი შუა დერეფნის კონტექსტში“, — განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.















