საქართველოს ათასობით მოქალაქეს თურქეთში სამუშაოს დატოვება ემუქრება…

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 5, 2015 00:33

საქართველოს ათასობით მოქალაქეს თურქეთში სამუშაოს დატოვება ემუქრება…

მნიშვნელოვანი

  • იმის გასარკვევად, თუ როგორ იმოქმედა თურქულ-რუსულმა კრიზისმა თურქეთის რესპუბლიკაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე, ,,თაიმერი,, თურქეთის ქალაქებში რიზეში, სტამბულში ანტალიაში, მერსინსა და ბოდრუმში მომუშავე ჩვენს თანამემამულეებს დაუკავშირდა...

სხვა სტატიები

იმის გასარკვევად, თუ როგორ იმოქმედა თურქულ-რუსულმა კრიზისმა თურქეთის რესპუბლიკაში მომუშავე საქართველოს მოქალაქეებზე, ,,თაიმერი,, თურქეთის ქალაქებში – რიზეში, სტამბულში ანტალიაში, მერსინსა და ბოდრუმში მომუშავე ჩვენს თანამემამულეებს დაუკავშირდა…

როგორც ცნობილია, თურქეთის შავიზღვისპირეთში საქართველოს მოქალაქეები ძირითადად სეზონურ სამუშაოებზე გადადიან და ჩაისთან ერთად – თხილის კულტურის  მოკრეფა-დამუშავებაში იღებენ მონაწილეობას… ამ სახის სამუშაოები ძირითადი ნაწილი, წლის ამ დროისთვის უკვე მორჩენილია, თუმცა ჩვენი თანამემამულეები მუშაობას აგრძელებენ ჩაისა და თხილის გადამამუშავებელ ფაბრიკებში, რომელთაც სამუშაო, მთელი წლის განმავლობაში აქვთ.

რიზეს ერთ-ერთ ჩაის ფაბრიკაში მომუშავე საქართველოს მოქალაქებმა ჯემალ შ-მ და ბექა დ -მ, ,,თაიმერთან,, საუბარში განაცხადეს, რომ ფაბრიკებში ჯერჯერობით სამუშაოები არის… ,,თურქული ჩაი რუსულ ბაზარზე დამოკიდებული არ არის, თუმცა ზოგადად ქვეყანაში არსებული სიტუაცია მაინც მოქმედებს ყველანაირ სამუშაოს გასამრჯელოზე… დამქირავებლები გვეუბნებიან, რომ იანვრიდან ანაზღაურებამ შესაძლებელია დაიკლოს… ჩვენ ისედაც ძალიამ მწირ თანხაზე გვიხდება მუშაობა, სამუშაო კი ფიზიკურად ძალიან შრომატევადია… თუ ხელფასს დაგვიკლებენ ჩვენ იძულებული ვიქნებით დავტოვოთ სამუშაო და სახლში წავიდეთ,, აცხადებენ რიზეში მომუშავეები.

ანტალიაში, სამშენებლო სამუშაოებზე მომუშავე ქართველები – გიორგი ს. და შერმადინ ს. ,,თაიმერთან საუბარში აცხადებენ, რომ დამქირავებლებმა მათ უკვე გამოუცხადეს ხელფასების 25%-თ შემცირების შესახებ… ,,გვითხრეს რომ დეკემბრის თვიდან 500-600 ლირი დაგვაკლდება ხელფასებზე, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანი თანხაა… სამუშაო ჯერჯერობით არის, მაგრამ თუ ადრე ჩქარობდნენ ობიექტების ჩაბარებას და მუშების რაოდენობას ზრიდნენ, კრიზისის შემდეგ ტაქტიკა შეცვალეს… ახლა, ეტყობა აღარ ჩქარობენ მშენებლობების დასრულებას რადგან გაურკვევლობა აქ… რუსეთიდან გამომდინარე, არავინ იცის ხვალ რა სიტუაცია იქნება ტურისტების მხრივ. ტურისტების ფულით და ტურისტებისთვის შენდება აქ ყველაფერი… ზოგიერთი ჩვენგანი უკვე ფიქრობს, რომ ან დაბრუნდეს საქართველოში ან სხვა სამუშაო იპოვოს… თუმცა ამ სიტუაციაში ძნელია უკეთესის პოვნაც,, აცხადებენ ანტალიაში მომუშავეები.

ქალაქ მერსინში, ციტრუსების გადამამუშავებელ ქარხანაში მომუშავე ქალბატონებმა ნატო ქ-მ და ირინა კ -მ, ჩვენთან საუბარში განაცხადეს, რომ ახლა მათი ქარხანაში, იმის გამო რომ გახურებული სეზონია, სამუშაოები თავზე საყრელად აქვთ, თუმცა რუსულმა სანქციებმა ციტრუსის ფასებზე ყველაზე მეტად იმოქმედა და ამიტომ დამქირავებლებმა  ხელფასები 20% უკვე დაუკლეს და მომავალშიც არ ჰპირდებიან დამაიმედებელ პროგნოზებს…   ,, ლიმონის ფასი გასულ წელს ამ დროს 3-5 ლირა იყო კილოზე… ახლა 1-დან 3 ლირამდე გახდა საბითუმო ფასები… ხელფასებიც ამიტომ დაგვიკლეს… ამის გამო ქართველების ნაწილი უკვე წავიდა… ჩვენ უკეთესობის იმედით დავრჩით… ვნახოთ რა იქნება,, განაცხადეს მერსინში მყოფმა ქალბატონებმა.

,,მეხუთე წელია რაც აქ ვმუშაობთ… ბავშვებს და ოჯახს ვინახავთ… სამუშაოს შოვნა უკვე ძალიან ჭირს და კიდევ უფრო ჭირს ნამუშევარი ფულის ამოღება. ყველა სირიელი ლტოლვილებს და რუსეთს იმიზეზებს… ჩვენ არ ვიცით რისი ბრალია… წინა ცეხი სადაც ვმუშაობდით, ერთი კვირის წინ დაიხურა… ფულიც არ მოუციათ ჯერ ჩვენი ნამუშევარი… ველოდებით ფულს და იქნებ სამუშაოც გამოჩნდეს რამე… ყველა იმას ამბობს, რომ ეს ,,ტავარი,, რუსეთში საღდებოდაო და ახლა არავინ იცის სად უნდა გაიყიდოს… თუ ახალი მყიდველი ვერ იშოვეს, ცეხებს დაკეტავენ და თავისთავად წასასვლელი გვექნება სახლში… იქ კი ნამდვილად შიმშილი გველოდება,, აცხადებენ ,,თაიმერთან საუბარში ქართველი ცოლ-ქმარი კობა ხ. და მარი ზ. რომლებიც სტამბულში, ერთ-ერთ ცეხში, ტექსტილის ნაწარმის დაუთოება-დაპაკეტებაზე მუშაობდნენ.

ბოდრუმში ერთ-ერთ სასტუმროში მომუშავე ქართველები კი – მათთვის იანვრიდან კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ აცხადებენ… ,,მოგეხსენებათ ახლა ტურისტული სეზონი არაა. ხალხი ცოტაა, მაგრამ მომავალი წლის კონტრაქტების გაფორმებას ველოდებოდით…  4 წელია რაც მე და ჩემი მეგობარი აქ ვმუშაობთ… მე ცურვის ინსტრუქტორად, ის კი – დამლაგებლად… გვითხრეს რომ გაურკვევლობაა და მთელი წლის კონტრაქტს ვერ გაგვიფორმებენ… ჩვენ აქ სხვა ქართველებისაგან განსხვავებით ლეგალურად ვმუშაობთ. ცხოვრების უფლებაც გვაქვს და ვიზებიც. შემცირებები იქნებაო გვეუბნებიან… გაურკვევლობაში ვართ… მეზობელ სასტუმროში არალეგალურად მომუშავე ქართველიები იყვნენ, ისინი უკვე გაუშვეს სახლში,, აცხადებს ქალბატონი თამარ ზ-მ ,,თაიმერთან,, საუბრისას.

,,თაიმერის,, ინფორმაციით, კრიზისი ჯერ არ შეხებია იმ საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც შეძლებული თურქი მოქალაქეების ოჯახებში – ან მომვლელებად მუშაობენ, ან მზარეულ-დამლაგებლებად… თუმცა კრიზისის ესკალაციის პირობებში, ფინანსური პრობლემები შესაძლებელია მათ დამქირავებლებსაც შეეხოთ, რაც მოგვიანებით, მაგრამ დამატებით პრობლემებს შეუქმნის ლუკმა-პურის საშოვნელად წასულ ჩვენს თანამოქალაქეებს.

ზოგადი სურათი, რუსეთთან კრიზისით გამოწვეული ეკონომიკური სიტუაციისა თურქეთში, ლეგალურად თუ არალეგალურად მომუშავე ჩვენ ათასობით თანამემამულისათვის, სახარბიელო ნამდვილად არაა და მათ სამუშაოს დატოვების დიდი ალბათობით ემუქრება… მსგავსი სიტუაცია კი – კიდევ უფრო დაამძიმებს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებს.

კახაბერ ადამია ,,თაიმერი,,

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე დეკემბერი 5, 2015 00:33

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


14,472
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics