საქართველოს არცერთ მოქალაქეს არც უხანში და არც ჩინეთის სხვა რეგიონებში ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ ემუქრებათ

საქართველოს არცერთ მოქალაქეს არც უხანში და არც ჩინეთის სხვა რეგიონებში ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ ემუქრებათ, – ამის შესახებ ჩინეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, არჩილ კალანდიამ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

როგორც არჩილ კალანდიამ აღნიშნა, ამჟამად ჩინეთიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის აუცილებლობა არ არის.

„საელჩო და საქართველოს შესაბამისი უწყებებიც მუდმივ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება. ცხადია, არ იგეგმება ჩინეთის მასშტაბით საქართველოს მოქალაქეების ევაკუაცია. საჭიროების შემთხვევაში დაიგეგმება უხანში მყოფი ხუთი ჩვენი თანამოქალაქის ევაკუაცია. ამჟამად ჩვენს მოქალაქეებთან როგორც უხანში, ასევე ჩინეთის სხვადასხვა რეგიონებში ვართ მუდმივ კავშირზე, მეტნაკლებად ვფლობთ თითოეულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას და სხვა საჭირო მონაცემს. ამ ეტაპზე არცერთ ჩვენს თანამოქალაქეს არც უხანში და არც ჩინეთის სხვა რეგიონებში ჯანმრთელობის მხრივ საფრთხე არ ემუქრებათ, ყველა მათგანი არის მხნედ და კარგად“, – განაცხადა ჩინეთში საქართველოს ელჩმა.

მისივე ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს საქართველოს პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკება, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩინეთიდან ევაკუირებული საქართველოს მოქალაქეების გადაყვანა მოხდეს. თუმცა ჩინეთში საქართველოს ელჩი არ აკონკრეტებს, თუ რომელ ქვეყნებზეა საუბარი.

„ყველას მოვუწოდებ, რომ შეინარჩუნოს სიმშვიდე. ყველა ზომებს მივიღებთ, რაც კონკრეტულ სიტუაციაში საჭირო იქნება. ამ ეტაპზე პანიკის საფუძველი არ არსებობს. ახლა მიმდინარეობს ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან მოლაპარაკებები. ჩვენი საელჩო და საქართველოს შესაბამისი უწყებები განვიხილავთ, თუ დადგა ევაკუაციის აუცილებლობა როგორ და რა მექანიზმებით მოვახდინოთ. ეს ყველაფერი დამუშავების პროცესშია, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ დღევანდელი დღის მდგომარეობით ამის აუცილებლობა არ არის. ამ ეტაპზე კონკრეტულად დადგენილი ქვეყანა არ არის. რამდენიმე ქვეყანა განიხილება და გამომდინარე იქიდან რომ მუშავდება ეს საკითხი, მე ამ ეტაპზე ვერ გიპასუხებთ, თუმცა გეტყვით, რომ ევროპის ქვეყნებზეა საუბარი“, – განაცხადა არჩილ კალანდიამ.

 

წყარო: პირველი არხი

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე – თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე გამოძიების შეწყვეტა ხელისუფლების მხრიდან ცინიკური ნაბიჯია​
შემდეგი სტატია“კლინიკაში მისულ ანას მანანამ გზა გადაუღობა… ამაოდ ვცდილობთ ცოტნეზე ინფორმაციის მოპოვებას” – გამსახურდიას მეუღლის წარმომადგენლი