საქართველოს აქვს შანსი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით დაზიანებული რეპუტაცია გარკვეულწილად აღიდგინოს

საქართველოს აქვს შანსი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებით დაზიანებული რეპუტაცია გარკვეულწილად აღიდგინოს, – ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, თამარ ჩუგოშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„ღმერთმა არ ქნას, არჩევნები ისე ჩავატაროთ, როგორც მაგალითად, სამწუხარო გამოცდილებები გვქონია და იყოს ადმინისტრაციული რესურსის მასობრივი გამოყენება, ან მოსყიდვა, ან მედიის ბოროტად გამოყენება და ასეთი რაღაცები. მე ამის რაღაც ელემენტებს ვხედავ. თუმცა, არ ვიტყოდი, რომ ხელისუფლება ვერ აცნობიერებს ამას. ვფიქრობ, ხელისუფლება აცნობიერებს, რომ ცუდი არჩევნების ჩატარება შეიძლება, ძალიან ძვირი დაუჯდეს, როგორც ბოლოს და ბოლოს ის გააცნობიერა, რომ 8 მარტის შეთანხმების ჩაგდება მათთვის იქნებოდა დამაზიანებელი. ამიტომ, სრული მობილიზაცია გააკეთა და ხალხი, რომელიც ერთი თვის წინ იძახდა, ცოცხალი თავით ხმას არ მივცემო, გუშინ იჯდა და გასულ ცვლილებებს ტაშს უკრავდა“, – განაცხადა ჩუგოშვილმა.

მისი თქმით, „ქართული ოცნება“ ცოტა უნდა შეიბოჭოს, რადგან როდესაც ხელისუფლებას ყველანაირი ძალაუფლება აქვს და ყველანაირ ზღვარს გადადის, მას უკვე არავისი აღარ ესმის.

„აბსოლუტური ძალაუფლება აბსოლუტურად რყვნის და როდესაც რაღაც კონკრეტულზე ვეუბნებით – მეგობრებო, ეს დამაზიანებელია, ამას ნუ აკეთებთ, ეს შეცდომაა და მოგვისმინეთ-თქო, უკვე მოსმენის სურვილიც აღარ არის. თუ ხელისუფლებას განსხვავებული აზრის მიღება არ აქვს, მოსმენა არ შეუძლია და თვლის, რომ მხოლოდ თვითონ იცის, როგორ არის სწორი, ის აუცილებლად ცუდ პროცესებში შედის ხოლმე. სამწუხაროდ, ამის მაგალითები გვაქვს“, – განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე შერინი ვლადიმირ პუტინის გინების გამო გიორგი გაბუნიას დასჯას ითხოვს
შემდეგი სტატიასაქართველოს საზღვართან მიწისძვრა მოხდა