საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია

საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ განაცხადა, რომელიც მედიის, ხელისუფლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამოსამშვიდობებელ შეხვდრას მართავს.

„საქართველომ უნდა განავითაროს და დაიცვას თავისუფალი და პლურალისტური მედია. თომას ჯეფერსონს ეკუთვნის შემდეგი სიტყვები: „ჩემი გადასაწყვეტი რომ იყოს, მთავრობა პრესის გარეშე, თუ პრესა მთავრობის გარეშე, მე უყოყმანოდ ავირჩევდი უკანასკნელს“. მისი პოზიცია ნათელია – არ არსებობს დემოკრატია თავისუფალი მედიის გარეშე. არ უნდა დავუშვათ მედიის დაშინება ან სხვაგვარად ალტერნატიული მოსაზრების ჩახშობა. არავინ არ უნდა ხელყოს ხალხის უფლება ხელი მიუწვდებოდეს ინფორმაციაზე და უზრუნველყოფდეს საკუთარი არჩეული ლიდერების ანგარიშვალდებულებას. მედია საკითხებთან მიმართებაში მთავრობას აკისრია ფუნქცია განავითაროს ძლიერი სტრატეგიული კომუნიკაცია. ხელმძღვანელი პირები აცნობიერებენ საჭიროებას ნათლად და თანმიმდევრულად გადასცენ მოსახლეობას დასავლეთთან გაერთიანების და დასავლური ღირებულებების ეკონომიკური და პოლიტიკური უპირატესობები. თქვენი მომავალი დასავლეთთანაა. ეს მე ჯერ კიდევ 1976 წელს დავინახე. თქვენი დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა, განსხვავებული იდეების შემწყნარებლობა, იმ დროსაც კი გამოგარჩევდათ და მიანიშნებდა იმაზე, რომ თქვენი მომავლის გზა დასავლეთისკენ გაემართებოდა”, – განაცხადა იან კელიმ. მისივე თქმით, ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ურთიერთგაწონასწორების სისტემა გაამართლებს მხოლოდ მაშინ, როდესაც საკანონმდებლო ორგანო გახდება ძალაუფლებით სრულად აღჭურვილი ინსტიტუტი, შეიძენს ზედამხედველობის ფუნქციებს აღმასრულებელ შტოზე, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე.

banner
წინა სტატიაშიპირველი მარტიდან უცხოეთში რეგისტრირებულ ავტოტრანსპორტზე საქართველოში შემოსვლისას სავალდებულო დაზღვევა ამოქმედდება
შემდეგი სტატიაგზა, რომელსაც მიჰყვებით, რთულია, შეიძლება, გრძელიც აღმოჩნდეს, მაგრამ თქვენ მარტო არ ხართ