საქართველომ შეიძლება სრულად დაკარგოს უვიზო რეჟიმი – რას ამბობენ ევროკომისიაში?!

ევროკომისია უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში მიუთითებს, რომ „საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება მთლიანად დაკარგოს უვიზო რეჟიმი“
გაზიარება

იხ. კომენტარები

ბეჭდვა

უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ახალ ანგარიშში ევროკომისია მიუთითებს, რომ გარკვეულ ეტაპზე საქართველოს მთელ მოსახლეობას ემუქრება ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შეჩერება.

ევროკომისია აცხადებს, რომ საქართველოში დემოკრატიული უკუსვლის „სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით“, უვიზო მიმოსვლის შეჩერებას განიხილავს იმ ახალი წესების ფარგლებში, რაც ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის.

ევროკომისიის თანახმად, პირველ ეტაპზე შეზღუდვა შეიძლება შეეხოთ დიპლომატიური/სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, შემდეგ კი – მთელ მოსახლეობას;
ეს მოხდება იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლება „პრობლემებს არ მოაგვარებს“ – არ შეასრულებს ბრიუსელისგან არაერთგზის მიღებულ რეკომენდაციებს.
რა ხდება
იმაზე პასუხად, რასაც საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლას უწოდებს, ევროკავშირს 2025 წლის იანვრიდან უკვე შეჩერებული აქვს უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის.

თუმცა, ამის მიუხედავად, დირექტივა ბლოკის ყველა წევრს არ შეუსრულებია, – მათ შორის უნგრეთსა და სლოვაკეთს.

ბრიუსელი, – რომელიც უკვე წელიწადზე მეტია, ემხრობა ფინანსური სანქციების დაწესებას „ქართული ოცნების“ ლიდერებისათვის, – ამას ვერ ახერხებს.
მიზეზი არის კონსენსუსის წესი – ფინანსური სანქციების დაწესებას 27-ვე წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება, ხოლო სულ მცირე, უნგრეთი და სლოვაკეთი წინააღმდეგობას სწევენ;
ამასთან, ევროკავშირმა 2025 წლის ნოემბერში დაამტკიცა სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების ახალი წესები ქვეყნებისთვის, რომლებიც ბლოკთან უვიზო მიმოსვლის უფლებით სარგებლობენ. ასეთი 61 ქვეყანაა, მათ შორის საქართველოც.
ახალი წესები ძალაში 2025 წლის 30 დეკემბერს შედის – და უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ამარტივებს და ამის უფლება ევროკომისიას ექნება.
2025 წლის 19 დეკემბერს ევროკომისიამ მიიღო სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის მორიგი, მერვე ანგარიში.

მიღებული დოკუმენტის ძირითად მიგნებებში წერია, რომ: „კონკრეტულად საქართველოს სავიზო პოლიტიკა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება და საქართველომ 2024-2025 წლებში გადაუხვია თავისი გზიდან, მიუხედავად ბოლო წლების არაერთი რეკომენდაციისა”

ევროკომისია მიუთითებს, რომ „პარტნიორების უმეტესობა ასრულებს ვალდებულებებს ანტიკორუფციული პოლიტიკის მიმართულებით, თუმცა საქართველომ გააუქმა ადრინდელი რეფორმები“

ზუსტად რას წერს ევროკომისია საქართველოზე
ევროკომისია 19 დეკემბერს მიღებული ანგარიშის ძირითად მიგნებებში საუბრობს საქართველოს მიერ არაერთი „ძირითადი კრიტერიუმების შეუსრულებლობაზე“. კერძოდ, იხსენებს, რომ:

„კომისიამ წარსულში უკვე გამოთქვა შეშფოთება საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების, მათ შორის დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპების დარღვევის შესახებ და არაერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები ამ საკითხების მოსაგვარებლად და კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“.

შემდეგ წერს, რომ ამ მოწოდებების მიუხედავად, საქართველომ „დაარღვია ვიზების ლიბერალიზაციის დიალოგის დროს აღებული მრავალი ვალდებულება და ვერ შეასრულა სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ფარგლებში მეშვიდე (2024 წლის) ანგარიშის რეკომენდაციები“.

„ამ [დემოკრატიული] უკუსვლის სისტემური და მიზანმიმართული ხასიათის გათვალისწინებით, კომისია განიხილავს შესაბამის ზომებს ვიზების შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 30 დეკემბერს“, – წერს ევროკომისია.

„მეორე ეტაპზე მთელ მოსახლეობაზე შეიძლება გავრცელდეს“
ევროკომისია იქვე აკონკრეტებს:

„ახალი წესების თანახმად, პირველ ეტაპზე უვიზო მიმოსვლის უფლების შეჩერება შესაძლოა შეეხოს საქართველოს ხელისუფლების მიერ გაცემული დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად ზომების მიუღებლობაზე“.
„ახალი წესები უზრუნველყოფს შეჩერების წესის ერთგვაროვან გავრცელებას ყველა წევრ სახელმწიფოზე … როგორც კი ამ ჯგუფებისთვის ვიზების მოთხოვნა ევროკავშირის დონეზე ხელახლა დაწესდება“ [ეს ნიშნავს, რომ თუკი ევროკომისია ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ყველა წევრი ქვეყანა, მათ შორის უნგრეთიც და სლოვაკეთიც, იძულებული იქნება, დაემორჩილოს მას].
„მეორე ეტაპზე უვიზო მიმოსვლის შეჩერება შესაძლოა საქართველოს მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს, თუკი ხელისუფლება პრობლემებს არ მოაგვარებს“.
„საბოლოო ჯამში, საქართველომ შეიძლება სრულიად დაკარგოს უვიზო რეჟიმი და მოხვდეს იმ მესამე ქვეყნების სიაში, რომელთათვისაც ევროკავშირში სამოგზაუროდ ვიზა სავალდებულოა“.
ევროკომისია წერს, რომ გააგრძელებს პარტნიორი ქვეყნების მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნებისა და რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგს.

როგორც რადიო თავისუფლება წერდა, უვიზო მიმოსვლის დროებითი შეჩერებისთვის ევროკომისიას შეუძლია გადაწყვეტილება დამოუკიდებლად, ევროპარლამენტში ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში კენჭისყრის გარეშე მიიღოს. თუმცა გავრცელებული პრაქტიკაა, რომ კომისიამ ფართო კონსულტაციები ჩაატაროს წევრი სახელმწიფოების მთავრობებთან.
ქვეყნისათვის უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად საჭიროა კვალიფიციური უმრავლესობა (ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების 55%, რაც ევროკავშირის მთლიანი მოსახლეობის 65%-ს შეადგენს).
დღესვე, 19 დეკემბერსვე ევროკომისარმა შინაგან საქმეთა და მიგრაციის საკითხებში, მაგნუს ბრუნერმა განაცხადა:

„თუ [უვიზო მიმოსვლის] სისტემა არასწორად გამოიყენება, ამან შეიძლება სერიოზული მიგრაციისა და უსაფრთხოების პრობლემები შექმნას… თუ მესამე ქვეყნები არ ითანამშრომლებენ, ჩვენ დაგვჭირდება მკაფიო სანქციები. ეს ჩვენი ვიზების სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება, რომელსაც იანვარში წარვადგენთ“.

banner
წინა სტატიაში“ხორცის საჩეხი დანა მხარში ჩავარტყი…პურის საჭრელი დანა 5-6-ჯერ ჩავარტყი ზურგში” – რას ჰყვება შვილის მკვლელობაში ბრალდებული 82 წლის მამა?!
შემდეგი სტატიათიბისი კონცეპტი და Visa სათხილამურო სპორტის მოყვარულებს M.T.A მულტისკი აბონემენტზე განსაკუთრებულ შეთავაზებას სთავაზობენ