PACE-ში უკრაინის წარმომადგენელმა, ოლექსიი გონჩარენკომ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ საქართველომ ხელი არ მოაწერა რუსეთის აგრესიის გამოძიების კომიტეტის შექმნის დოკუმენტს.
აქამდე, 25 ივნისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. ჯერჯერობით ოფიციალურად ცნობილი არ არის დოკუმენტის მხარდამჭერი ქვეყნების სია. ის პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება.
სიტყვით გამოსვლის დროს გონჩარენკომ ისაუბრა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტიაციაზე და თქვა, რომ მეორდება ის, რაც ბელარუსში მოხდა.
“ევროსაბჭოს ექვსმა წევრმა ქვეყანამ ხელი არ მოაწერა ამ შეთანხმებას და მათ შორის ერთ-ერთია საქართველო. საქართველო თავადაა რუსული აგრესიის მსხვერპლი. საქართველოს 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ. თითქმის ისე, როგორც უკრაინაში. საქართველო კრემლის აგრესიის მსხვერპლი უკრაინაზე ადრე გახდა. და ამ ყველაფრის მიუხედავად, საქართველო მხარს არ უჭერს რუსული აგრესიის გამოსაძიებელი ტრიბუნალის შექმნას?!
ჩნდება შეკითხვა: მაინც ვისთვის მუშაობს საქართველოს ხელისუფლება? ვინ ხელმძღვანელობს მათ? როცა ოპოზიციის ლიდერებს ციხეში სვამენ, ეს არაა საქართველოს ხმა, ეს კრემლის ჩურჩულია.
ქართველი ხალხი იმსახურებს ლიდერებს, რომლებიც მათ მხარდამხარ დადგებიან და არა პუტინთან. ეს კი სწორედ ისაა, რაც ახლა ხდება. დიახ, ამაში ბრალი ყველას მიგვიძღვის.
2008 წელს, როცა უკრაინა და საქართველო NATO-ს წევრობის ზღურბლთან იდგნენ, NATO-ში თქვეს, გელოდებით, მაგრამ ზუსტად როდის, არ ვიცითო. მაშინ ბევრმა ვერ გაიგო რა ხდებოდა. პუტინმა კი მშვენივრად გაიგო და 2008 წელს მან დაიწყო ომი საქართველოს, შემდეგში კი უკრაინის წინააღმდეგ. ის ამ ქვეყნებს ანადგურებს. სურს ყველა დაგვხოცოს, სურს ამ ქვეყნების ოკუპაცია.
ახლა ის ხელში იგდებს საქართველოს, ჰიბრიდული გზით. რადგან მისი ტანკები უკრაინაში ძალიან დაკავებული არიან. სწორედ ამიტომ, არა ტანკები, არამედ მარიონეტები, რუსი აგენტები ესხმიან თავს საქართველოს.
არა ბიძინა ივანიშვილი, არამედ “ლუკაშვილი” უნდა დავუძახოთ, რადგან ის საქართველოს ბელარუსად აქცევს. ეს არის აბსოლუტურად ბელარუსის გზა, რომელმაც ჯერ დემოკრატია დაკარგა, შემდეგ კი სახელმწიფოებრიობა. ახლა კი ოკუპირებული ქვეყანაა. და ეს არის სწორედ ის, რაც ახლა საქართველოში ხდება.” – თქვა გონჩარენკომ.
გონჩანრენკომ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ქართველი ოპოზიციონერები, როგორიცაა გიორგი ვაშაძე, აქამდე PACE-ს სხდომებს ესწრებოდნენ, ახლა კი დაკავებულები არიან.
“საქართველოს მოსკოვისგან გადასარჩენად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ და საქართველო ქართველებს დავუბრუნოთ. საქართველოს გაუმარჯოს!” – დაამატა გონჩარენკომ.