“საქართველომ ისტორიული გამარჯვება მოიპოვა”

„2008 წლის რუსული ოკუპაციის შედეგად, ჩვენმა თანამოქალაქეებმა დაკარგეს საცხოვრისი (სადაც დღეს რუსული სამხედრო ინფრასტრუქტურაა განლაგებული), მამაპაპისეული კერა და იქ გატარებული ცხოვრების ისტორია, თუმცა მათ არ დაუკარგავთ მომავლის იმედი და რწმენა სამართლიანობის მიმართ. უსამართლობის და ძალმომრეობის მაგალითად ჯერ კიდევ რჩება რუსული საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ აღმართული მავთულხლართები. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ, თითოეულ ჩვენგანში კიდევ უფრო განამტკიცა სამართლიანობის აღდგენის რწმენა.

ეს არის 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის პირველი სამართლებრივი შეფასება საერთაშორისო სასამართლობის მიერ და წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სამართლიანობის აღდგენის გზაზე. სასამართლოში საქართველო ამტკიცებდა, რომ რუსეთ-საქართველოს ომის დროს რუსეთმა უხეშად დაარღვია ევროპული კონვენციის არაერთი მუხლი, მათ შორის: სიცოცხლის უფლება; წამების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა; თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება; პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება; საკუთრების უფლება; მიმოსვლის თავისუფლება და სხვა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ხელისუფლებამ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მყარ სამართლებრივ ანალიზთან ერთად წარუდგინა ამომწურავი მტკიცებულებები. მადლობას ვუხდი იუსტიციის უკვე ყოფილ მინისტრს, თეა წულუკიანს და მის მოადგილეებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს და თითოეულ საჯარო მოხელეს, ვინც წარმატებით შეძლო დაეცვა საქართველოს და ჩვენი მოქალაქეების ინტერესები! საქართველო აგრძელებს სამართლებრივ და მშვიდობიან გზას ოკუპაციის დასრულების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისკენ“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.