საქართველომ გერმანიიდან რამდენიმე ათასი ტესტი მიიღო

საქართველომ გერმანიიდან რამდენიმე ათასი ტესტი მიიღო. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს ლუგარის ცენტრში განუცხადა.

„2013 წლიდან ძალიან ნაყოფიერი თანამშროლობა გვაქვს ბუნდესვერის მიკრობიოლოგის ინსტიტუტთან, რომელიც მიუნჰენშია განთავსებული, ის მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი უზარამაზარი ინსტიტუტია.

მათთან ერთად რამდენიმე დიდ პროექტს ვახორციელებთ, კორონავირუსული პანდემიის დასაწყისში, უკვე თებერვლის პირველივე რიცხვებში, როცა ჯერ კიდევ მზა ე.წ. PCR ტესტები არ არსებობდა, მათ პრაიმერები მოგვაწოდეს, რომლითაც სხვადასხვა ნაკრებების შედგენა ხდება ადგილზე და ჩვენთან თებერვლის დასაწყისიდან ხელმისაწვდომი იყო კორონავირუსულ ინფექციაზე ტესტირება.

ამის შემდეგ სამჯერ განხორციელდა გერმანიის დახმარება და დღევანდელი დახმარება სწორედ ისევ პრაიმერებია და ასევე, ახალი ტესტსისტემები, ე.წ. სეროლოგიური – ეს გახლავთ სწრაფი ტესტების უფრო ზუსტი ანალოგი, რომელიც ლაბორატორიულ პირობებში იქმნება და არა ვთქვათ, საველე პირობებში.

ამ ტესტსისტემებს შესაბამისი დანიშნულებისამებრ გამოვიყენებთ. საერთოდ, გერმანიასთან საქართველოს ურთიერთობა ათეულ წლებს და უფრო მეტ, ასეულ წლებსაც ითვლის.

ძალიან მიხარია, რომ ჩვენი ცენტრი 2013 წლიდან ძალიან აქტიურად თანამშრომლობს მიკრობილოგიის ინსტიტუტთან, ასევე, გუშინწინ გვქონდა ძალიან ნაყოფიერი ტელეკონფერენცია მის დირექტორთან, მთელი რიგი საკითხები გავიარეთ – გერმანიაში გამოცდილება კოვიდინფექციასთან ბრძოლის, მთელი რიგი დეტალები დავაზუსტეთ, ასევე გავუზიარეთ, ჩვენ როგორ და რას ვაკეთებთ“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიმოზარდი, რომელსაც ქუთაისში ავტომობილი დაეჯახა გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაზვიად შალამბერიძე სტიქიის შედეგად დაზარალებულ საჩხერის მუნიციპალიტეტში ჩავიდა და მიყენებულ ზარალს ადგილზე ეცნობა