საქართველომ ევროკავშირთან საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლის შეთანხმება გააფორმა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ.

საქართველოს მხრიდან შეთანხმებას ხელი მოაწერა საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, ხოლო ევროკავშირის მხრიდან – ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ფედერიკა მოგერინიმ.

აღნიშნული ფაქტი ორივე მხარის მიერ შეფასდა როგორც კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე.

ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ევროკავშირის მზაობა და სურვილი საქართველოს გაუზიაროს საიდუმლო ინფორმაცია ნათლად ადასტურებს იმას, რომ საქართველო მისთვის სანდო პარტნიორია.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საიდუმლო ინფორმაციის ურთიერთგაცვლისა და დაცვისთვის საჭირო უსაფრთხოების პროცედურების შესახებ შეთანხმების გაფორმება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროკავშირთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას და ინფორმაციის უსაფრთხოების დაცვის სფეროში ევროპულ ნორმებსა და სტანდარტებთან დაახლოებას.

უწყებაში განმარტავენ, რომ შეთანხმება აუცილებელი ელემენტია ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში საქართველოს მონაწილეობის ეფექტიანობის გაზრდისა და ევროპული თავდაცვის სააგენტოსთან თანამშრომლობის განვითარებისათვის.

შეთანხმება ძალაში შევა მას შემდეგ, რაც ორივე მხარე დაასრულებს რატიფიკაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ ჯანელიძე: ნაბიჯ-ნაბიჯ ვაძლიერებთ ევროპასთან ჩვენს კავშირებს
შემდეგი სტატიატელეკომპანია იმედის თანამშრომლები საინფორმაციო სამსახურის უფროსის, მაია თაბაგარის გათავისუფლებას ეხმაურებიან