იოჰანეს ჰანი: საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლა დაიმსახურა

ევროკომისარი სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში იოჰანეს ჰანი, მიესალმება, საქართველოსთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხში მიღწეულ პროგრესს და მას დამსახურებულს უწოდებს.

ევროკომისარი Twitter–ზე წერს, რომ საქართველომ დაიმსახურა უვიზოდ მიმოსვლა ევროკავშირის ქვეყნებში, რადგან ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ამოცანები წარმატებით შეასრულა.

“დამსახურებული გადაწყვეტილება. საქართველომ გაატარა წარმატებული რეფორმები ვიზალიბერალიზაციის პროცესში, დააკმაყოფილა ყველა კრიტერიუმი. უვიზო მიმოსვლა ხელს შეუწყობს ქართველებსა და მსოფლიო ხალხს შორის მეტ კონტაქტს”,-აღნიშნავს ჰანი

ევროკომისიამ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის თაობაზე საკანონმდებლო ინიციატივა წარადგინა. ინიციატივაში ნათქვამია, რომ საქართველომ რეფორმების თვალსაზრისით ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა ამოცანა შეასრულა და ამიტომ, აკმაყოფილებს ყველა შესაბამის კრიტერიუმს, რათა მისი მოქალაქეები სავიზო მოთხოვნებისგან განთავისუფლდნენ.

საკანონმდებლო ინიციატივა ძალაში შესვლამდე ევროპარლამენტმა და ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა უნდა დაამტკიცონ. ყველა პროცედურის დასრულების შემდეგ, საქართველო იმ ქვეყნების რიცხვს შეუერთდება, რომლებსაც უვიზოდ გადაადგილების უფლება ექნებათ შენგენის ქვეყნებში და შენგენის 4 კანდიდატ ქვეყანაში – რუმინეთში, ბულგარეთში, ხორვატიასა და კვიპროსში.

ევროპარლამენტის და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მიერ დამტკიცების შემდეგ, ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ შესვლას მრავალჯერადად შეძლებენ, თუმცა მათი იქ ყოფნა 180 დღიან პერიოდში ჯამში 90 დღეს არ უნდა აჭარბებდეს. უვიზო რეჟიმი საქართველოს მოქალაქეს შენგენის ქვეყნებში სწავლისა და ლეგალური მუშაობის უფლებას არ აძლევს.

banner
წინა სტატიაშიაღმოსავლეთ სარდლობას შავლეგ ტაბატაძე უხელმძღვანელებს
შემდეგი სტატია“მაესტრო” შესაძლოა “მე-9 არხის” შენობაში განთავსდეს