საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო, მადლობა პრემიერს სამუშაოს წარმატებული გაძღოლისთვის, იმედი მაქვს, ევროკავშირი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს – პაპუაშვილი

საქართველომ ევროკავშირის კითხვარი სრულად შეავსო. მადლობა პრემიერ-მინისტრს ამ უპრეცედენტო მოცულობის სამუშაოს წარმატებული გაძღოლისთვის და დათქმულ ვადამდე დასრულებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

შალვა პაპუაშვილმა ასევე მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც კითხვარის შევსების პროცესში იყო ჩართული.

ამასთან, პარლამენტის თავმჯდომარე იმედოვნებს, რომ ევროკავშირი ისტორიულ და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს.

„2 669 კითხვის შევსების უკან დგას რამდენიმე ასეული საჯარო მოხელე, რომელთა პროფესიონალიზმმა და თითქმის ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მუშაობამ ამ ამოცანის შესრულება შესაძლებელი გახადა. მადლობა თქვენ თქვენი ქვეყნის დაუღალავი სამსახურისთვის. ახლა ჯერი ევროკავშირზეა. იმედი მაქვს, ევროკავშირი ისტორიულ, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოს, უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს. ეს იქნება ევროკავშირის დასტური, რომ ქართველი, უკრაინელი და მოლდოველი ხალხის ხმა გაგონილია და ჩვენი ბრძოლა – დანახული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში, ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელ კარლ ჰარცელს ევროკომისიის კითხვარის მეორე ნაწილი დღეს გადასცა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილმა „ვივამედში“ გადაყვანაზე დღეისთვის უარი თქვა – ნაყოფია
შემდეგი სტატიანიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინაში ჩავიდა