“საქართველო ზღვარზეა: რა უნდა გააკეთოს აშშ-მა შემდეგ”, – ამ სახელწოდებით ვრცელ მასალას ამერიკელი ანალიტიკოსი, ლუკ კოფი აქვეყნებს და შეერთებულ შტატებს რჩევებით მიმართავს.
კოფი ქვეყანაში მიმდინარე ვითარებას აღწერს და აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციები დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების გარდა, პატარა ქალაქებშიც ჩატარდა.
კოფი განმარტავს – “რატომ უნდა ზრუნავდეს აშშ საქართველოზე?”. ის შემდეგ პუნქტებს აღწერს: “საქართველოს ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის უფრო ფართო გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია, საქართველოს სტრატეგიული მდებარეობა მას მნიშვნელოვანს ხდის აშშ-ის მიზნებისთვის ევრაზიაში, საქართველო აჩვენებს ეროვნული სუვერენიტეტის მნიშვნელობას, აშშ-მა უნდა აღადგინოს პატივისცემა საქართველოში და ქართველი ხალხი წარსულში აშშ-ის გვერდით იდგა”.
“საქართველოს ბრძოლა რუსეთსა და დასავლეთს შორის უფრო ფართო გეოპოლიტიკური ბრძოლის ნაწილია. ბოლო წლებში “ქართულმა ოცნებამ” მიიღო აშკარად პროკრემლისტური მსოფლმხედველობა, დაგმო დასავლეთის სანქციები მოსკოვის წინააღმდეგ, გააძლიერა საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობები რუსეთთან და უკრაინის ომში ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია დაადანაშაულა. პარტია ინარჩუნებდა კონტროლს ძალაუფლების კონსოლიდაციის ძალისხმევით, რომელიც მიზნად ისახავდა ლეგიტიმური პოლიტიკური ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოების და მედიის შელახვას. ქართველები წინ აღდგნენ რუსეთს, რაც კეთილშობილური საქმეა და შეერთებული შტატების ეროვნულ ინტერესებთან თანხვედრაშია…”, – წერს კოფი.
ამერიკელი ანალიტიკოსი ამბობს, რომ ახლა მოქმედების დროა და ოფიციალურ ვაშინგტონს რჩევებით მიმართავს:
“წაახალისეთ 2025 წლის გაზაფხულზე ვადამდელი არჩევნები საერთაშორისო ზედამხედველობის ქვეშ. შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აღიაროს საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობა და მხარი უნდა დაუჭიროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევას ახალი არჩევნების ჩატარებისა და ახალი ცენტრალური საარჩევნო კომისიის შესაქმნელად.
სანქციები დაუწესეთ “ქართული ოცნების” ლიდერებს და რეჟიმის მომხრე უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც მოგზაურობის აკრძალვასაც ითვალისწინებს. სულ მცირე, აშშ-მა უნდა დააწესოს იგივე სანქციები, რაც ესტონეთმა, ლიეტუვამ და ლატვიამ ახლახან დააწესეს ქართველი ოფიციალური პირების წინააღმდეგ. სანქცირებული ყველა თანამდებობის პირი საჯაროდ უნდა დასახელდეს. შეერთებულმა შტატებმა ასევე უნდა განიხილოს მაგნიტსკის აქტის გამოყენება. უფრო შორს რომ წავიდეთ, კონგრესს შეუძლია MEGOBARI-აქტი და ქართველი ხალხის აქტი კენჭისყრაზე საკანონმდებლო სესიის დახურვამდე მიიტანოს.
შეამცირეთ, აშშ-ის დიპლომატიური ყოფნა საქართველოში მანამ, სანამ თბილისში ლეგიტიმური მთავრობა არ იქნება. შეერთებულმა შტატებმა თბილისში თავისი ელჩი დროებითი რწმუნებულით უნდა შეცვალოს. ვაშინგტონმა არ უნდა მიიღოს საქართველოს ახალი ელჩის რწმუნებათა სიგელები მას შემდეგ, რაც წინამორბედმა დატოვა თანამდებობა “ქართული ოცნების” ქმედებების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.
შეაჩეროს აშშ-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა, სანამ არ იქნება ლეგიტიმური მთავრობა. ეს უნდა მოიცავდეს ერთობლივ წვრთნებს, სამხედრო განათლების პროგრამებს და ეროვნული გვარდიის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამას თბილისსა და შტატ ჯორჯიას შორის.
დაბლოკეთ, ნატო-საქართველოს ჩართულობა, სანამ არ იქნება ლეგიტიმური მთავრობა.
შეაგროვეთ და გაავრცელეთ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლების შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ მშვიდობიანი მომიტინგეების უკანონო დარბევაში. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა და საშინაო უსაფრთხოების დეპარტამენტმა უნდა მისცენ სოციალური მედიის მომხმარებლებს საშუალება ანონიმურად წარადგინონ მტკიცებულებები უსაფრთხო ვებსაიტის მეშვეობით, რათა დაადგინონ რეპრესიებში ჩართული უსაფრთხოების პერსონალი. შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა უნდა გამოიყენონ ეს ინფორმაცია [ამ პირების] მომავალ ვიზიტებზე მოთხოვნებისას.
[ვაშინგტონმა] უზრუნველყოს, რომ აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოსთვის გამოყოფილი თანხები მხარს უჭერდეს ამერიკის ეროვნულ ინტერესებს”, – წერს ანალიტიკოსი.