საქართველო ზამთრის ოლიმპიადაზე პეკინში 9 სპორტსმენით წარსდგება

2022 წლის 4-20 თებერვალს პეკინში გაიმართება ზამთრის ოლიმპიური თამაშები. საქართველოს სპორტსმენებმა დიდ წარმატებებს მიაღწიეს  ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე – როგორც სსრკ პერიოდში, ასევე საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ როგორც დამოუკიდებელი ქვეყნის წარმომადგენლებმა.

რაც შეეხება ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს, ბევრი მიზეზის გამო (უპირველესად, შესაბამისი ინფრასტრუქტურული ბაზის უქონლობის გამო) ჩვენ სპორტსმენებს არ მიუღიათ ზამთრის ოლიმპიადებზე მედლები. ყველაზე დიდი წარმატება იყო ტრამპლინიდან თხილამურებით მხტომელის, სსრკ ექვსგზის ჩემპიონის და სსრკ თასის სამგზის მფლობელის, სპორტის დამსახურებული ოსტატის  კობა წაქაძის მიერ ორჯერ მოპოვებული მე-9 ადგილი 1960 და 1972 წწ ზამთრის ოლიმპიადებზე და ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორის მოციგურავე ელენე გედევანიშვილის მე-10 ადგილი 2006 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე. ამჟამად სპეციალისტებს შორის არის მოლოდინი, რომ პეკინში 2022 წლის თებერვალში ჩვენი მოციგურავეების  ნაწილი შესძლებს ათეულში მოხვედრას  და ზემოაღნიშნული შედეგების განმეორებას ან გაუმჯობესებას, ამის იმედს გვაძლევს ჩვენი მოციგურავეების ბოლო წლების  უდიდესი წარმატებები საერთაშორისო შეჯიბრებებზე.

მორის ყვითელაშვილი

ჩვენი სპორტსმენების გამოსვლას ინტერესით ელოდებიან თვით ჩინეთში და ოლიმპიადის მონაწილე წამყვანი ქვეყნები. ამაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ჩინეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ «სინხუამ», რომელიც შედის მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო სააგენტოების სიაში ( «სინხუა» ავრცელებს მასალებს 7 ენაზე-ჩინურ, ინგლისურ, რუსულ, არაბულ, იაპონურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე), 2021 წლის ნოემბერში გამოაქვეყნა ინტერვიუები საქართველოს ეროვნული ოლიმპიური  კომიტეტის (სეოკი ) ვიცე-პრეზიდენტთან მამუკა ხაბარელთან და ამ სტრიქონების ავტორთან.  «2008 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშები ჩატარდა დიდი წარმატებით, დარწმუნებული ვარ, რომ 2022 წლის ზამთრის ოლიმპიადა პეკინში დაიმსახურებს მაღალ შეფასებას საერთაშორისო სპორტული საზოგადოებისგან»-განაცხადა მ.ხაბარელმა. მან  გამოთქვა იმედი, რომ «ჩინეთის ხელისუფლება და ჩინეთის ოლიმპიური კომიტეტი წარმატებით გაუმკლავდება ყველა საკითხს, განსაკუთრებით იმ პრობლემებს, რომელიც მთელ მსოფლიოში წარმოიშვა პანდემიის პერიოდში».  http://russian.news.cn/2021-11/11/c_1310304775.htm.

გიორგი რევია-მარია კაზაკოვა

ჩვენი სპორტსმენების 2022 წ. ოლიმპიადაში მონაწილეობის შესახებ საუბრისას სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტმა  ხაზი გაუსვა, რომ «საქართველომ მიაღწია უპრეცედენტო და ისტორიულ წარმატებას ზამთრის სახეობებში პეკინის ოლიმპიდაზე მიღებული ლიცენზიების თვალსაზრისით, ჩვენი მოლოდინია,  რომ საქართველოში მომავალ წლებში სპორტის ზამთრის სახეობები კიდევ უფრო პოპულარული გახდება». ამ სტრიქონების ავტორმა «სინხუასთან» ინტერვიუში

http://russian.news.cn/2021-11/13/c_1310308868.htm

მადლობა გადავუხადე ჩინეთის მთავრობას და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს ზამთრის ოლიმპიადის წარმატებული  მომზადებისათვის და იმისათვის, რომ «არ გადაიტანეს სხვა დროისთვის ეს თამაშები».  «სინხუასთან» ინტერვიუში აღვნიშნე, რომ “ვიყავი აკრედიტებული 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სოჭში და 2019 წლის ზამთრის ოლიმპიურ ფესტივალზე სარაევოში, ვაშუქებდი ამ სპორტულ ღონისძიებებს, ჩემთვის დიდი პატივია რომ მივიღე აკრედიტაცია პეკინის ოლიმპიადაზე და გავაშუქებ ამ ოლიმპიურ თამაშებს”.  ხაზი გავუსვი, რომ «ზამთრის ოლიმპიური თამაშების ისტორიაში საქართველომ პირველად მოიპოვა ოლიმპიადისთვის 4 ლიცენზია ფიგურულ ციგურაობაში, მანამდეც ჩვენი მოციგურავეები გამოდიოდნენ ზამთრის ოლიმპიადებზე, მაგრამ ამჟამად პეკინში  საქართველო იქნება წარმოდგენილი  ერთდროულად ორ სეგმენტში- გუნდურსა და ინდივიდუალურ სახეობების ოთხივე კატეგორიაში  მიიღებენ მონაწილეობას».

 

მოციგურავეების ისტორიული მიღწევა

ლუკა ბერულავა – კარინა საფინა

ჩვენი მოციგურავეების შედეგები უფრო მეტი იქნებოდა, თუნდაც   ყინულის   ერთი სტანდარტული  არენა რომ ყოფილიყო საქართველოში, საწვრთნელად რომ ჰქონოდათ ასეთი არენა ჩვენ  სპორტსმენებს, რაც მათ საშუალებას მისცემდა  საქართველოში ევარჯიშათ. ეს  მრავალწლიანი პრობლემა, რომელიც 1960 წლებიდან იდგა, დღესაც  აქტუალურია და  უსწრაფეს  გადაჭრას ითხოვს. საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა, წარსულში მოციგურავემ მაკა გიორგობიანმა გამოთქვა  იმედი, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში აშენდება სტანდარტული ყინულის არენა. 2025 წელს საქართველოში ჩატარდება ევროპის ზამთრის  ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი, კულტურის და სპორტის სამინისტროს და სეოკის ხელმძვანელები აცხადებენ, რომ  საქართველოში 2022-2024 წწ აშენდება ყინულის არენები, სადაც ჩატარდება ამ ფესტივალების  მოციგურავეთა და ჰოკეისტთა ტურნირები. ამ არენების მშენებლობა ხელს შეუწყობს ფიგურული ციგურაობისა და ჰოკეის პოპულარიზაციასა, ათასობით ბავშვს მიეცემა საშუალება ჩაერთოს სპორტის ამ სახეობებში.

ანასტასია გუბანოვა

მ. გიორგობიანმა ხაზი გაუსვა იმას, რომ „50 ქვეყნის მეტმა მოციგურავემ მიიღო მონაწილეობა პეკინში ოლიმპიადისთვის სალიცენზიო საკვალიფიკაციო ტურნირებში და მხოლოდ 7 ქვეყანამ მოახერხა ოთხივე კატეგორიაში მიეღო ლიცენზიები – აშშ, კანადამ, რუსეთმა, იაპონიამ, ჩეხეთმა, ჩინეთმა და საქართველომ“.  მან  აღნიშნა, ჩვენმა მოციგურავეებმა მოიპოვეს უფლება იასპარეზონ პეკინში არამარტო ინდივიდუალურ ჩათვლაში, არამედ გუნდურში, რაც  დიდი წარმატებაა.

2021 წლის მარტში 17 წლის ალინა ურუშაძე (რიგაშია დაბადებულ -გაზრდილი, ბოლო 4 წელი  გამოდის საქართველოს სახელით) წარმატებით გამოვიდა სტოკჰოლმში ჩატარებულ მსოფლიო ჩემპიონატზე და საქართველოს პეკინის ლიცენზია მოუპოვა. იქვე 26 წლის მორის ყვითელაშვილმა ( მამამისი მიხეილ ყვითელაშვილი ახალგაზრდობაში იყო საქართველოს ჩემპიონი ველოსპორტში, მეოცე საუკუნის ბოლოდან ცხოვრობს მოსკოვში, მორისის დედა ლიანა თათარაშვილი მოციგურავე იყო) მეორე ლიცენზია მიუტანა საქართველოს. 2021 წლის სექტემბერში გერმანიაში ჩატარებულ საკვალიფიკაციო ტურნირზე ორმა ჩვენმა წყვილმა მოიპოვა ლიცენზია პეკინისთვის –  22 წლის გიორგი რევია-20 წლის მარია კაზაკოვა,  19 წლის ლუკა ბერულავა( მისი მშობლებიმისი მშობლები სოხუმელები არიან, თავად ლუკა კი რუსეთში დაიბადა -გაიზარდა, იქ ვარჯიშობს ) – 17 წლის კარინა საფინა.

2022 წლის 17 იანვარს საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის გამგეობამ ოფიციალურად დაასახელა ჩვენი მოციგურავეთა გუნდის ძირითადი შემადგენლობა  2022 წ.ოლიმპიურ თამაშებზე: ერთეული მამაკაცები – მორის ყვითელაშვილი; ერთეული ქალები – ანასტასია გუბანოვა; სპორტული ცეკვები – მარია კაზაკოვა/გიორგი რევია; სპორტული წყვილები – კარინა საფინა/ლუკა ბერულავა…
სათადარიგო შემადგენლობა: ალინა ურუშაძე ( ქალები) , ნიკა ეგაძე ( მამაკაცები), ანასტასია მეტელკინა- დანიილ პარკმანი ( სპორტული წყვილები).

ფედერაციის განცხადებაში აღნიშნულია, რომ  «ნაკრები გუნდის  დაკომპლექტებისას მთავარი კრიტერიუმი მოციგურავეების მაღალი სპორტული შედეგები და მათი პერსპექტივების გათვალისწინებით ყველაზე ოპტიმალური და ეფექტური გუნდის ფორმირება იყო, გუნდისა, რომელიც თავისი შესაძლებლობის მაქსიმალური რეალიზებით შეძლებდა ჩვენი ქვეყნის ღირსეულად წარდგენას ოთხწლეულის ამ უმნიშვნელოვანეს ფორუმზე».

საბა ქუმარიტაშვილი

საბა ქუმარიტაშვილის, ნინო წიკლაურის და სოსო ჯაფარიძის წარმატება

2022 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საქართველო იქნება წარდგენილი 9 სპორტსმენით, რაც სარეკორდო მაჩვენებელია ჩვენი ქვეყნისთვის:ზამთრის წინა  ოლიმპიადებზე საქართველოს წარმოადგენდა 3, 4, 5, 6 მაქსიმუმ 7 სპორტსმენი.

2022 წლის ოლიმპიადაზე 6 მოციგურავის გარდა ასეთი უფლება მიიღეს მოციგავემ საბა ქუმარიტაშვილმა და მოთხილამურეებმა  ნინო წიკლაურმა და სოსო ჯაფარიძემ. საჭიროა აღვნიშნოთ, რომ ნ. წიკლაურისთვის ეს იქნება მეოთხე ოლიმპიური თამაშები, ჯაფარიძე კი პირველად გამოვა ოლიმპიადაზე.

საბა ქუმარიტაშვილი-თენგიზ პაჭკორია

21 წლის საბა ქუმარიტაშვილი არის მოციგურვეთა ცნობილი დინასტიის წარმომადგენელი. ბაბუამისი ფელიქს ქუმარიტაშვილი იყო ტიტულოვანი მოციგავე  და წარმატებული მწვრთნელი- 1990 წლებში იყო საფრანგეთის ნაკრების მწვრთნელი, შემდეგ საქართველოს ნაკრების მთ. მწვრთნელი. საბას მამა ვლადიმერ ქუმარიტაშვილი-იყო მოციგავე, მან დიდი წვლილი შეიტანა საბას მომზადებაში. საბას დიდი ბაბუა ალეკო ქუმარიტაშვილი იყო საციგაო სპორტის ერთერთი დამაარსებელი საქართველოში. რაც შეეხება ვანკუვერში 2010 წელს ოლიმპიადაზე ვარჯიშის დროს ტრაგიკულად დაღუპულ მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილს(1988-2010), საბა მისი ნათესავია.

ნინო წიკლაური და სოსო ჯაფარიძე

ამ სტრიქონების ავტორს ბაკურიანში მცხოვრებმა ვლადიმერ ქუმარიტაშვილმა აცნობა, რომ საბა ბავშვობაში გატაცებული იყო ჰოკეით, შემდეგ სნოუბორდით და  ციგაობით. «ვარჯიშების ძირითად ნაწილს საბა ატარებს ლატვიაში, სიგულდაში მდებარე ცნობილ ტრასაზე, სასიამოვნოა, რომ საბამ  2022 წლის  ოლიმპიადაში მონაწილეობის უფლება მოიპოვა, სადაც ძალიან ძლიერი  მოციგავეები გამოვლენ, საბასთვის ეს ოლიმპიადა დიდი გამოცდილება იქნება»,- განაცხადა ვ. ქუმარიტაშვილმა.

 

 

საქართველოს დელეგაცია პეკინში

26 იანვარს  საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა, რომელსაც უძღვებოდა სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი( იხ. https://www.facebook.com/geonoc.org.ge/timeline). აღმასკომის სხდომაზე  დამტკიცდა ზამთრის XXIV ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის  25 კაციანი შემადგენლობა: 9 სპორტსმენი,7 მწვრთნელი, ადმინისტრაციული და სამედიცინო პერსონალი (სეოკ-ის 3 წარმომადგენელი), საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციის ხელმძღვანელი  ლერი ხაბელოვი, ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი მამუკა ხაბარელი,  საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი, სეოკ-ის აღმასკომის წევრი მარიამ გიორგობიანი, სეოკ-ის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი,ოლიმპიადაზე აკრედიტებული  ფოტოკორესპონდენტი (ხატია ჯიჯეიშვილი) და ჟურნალისტი (ამ სტრიქონების ავტორი). ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე პეკინში საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის მედროშეები იქნებიან მოთხილამურე ნინო წიკლაური და მოციგურავე მორის ყვითელაშვილი.

 

თენგიზ პაჭკორია, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ვიცეპრეზიდენტი.

ფოტოები საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის და სეოკ-ის  გვერდებიდან.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიდევნილთა სააგენტოში აცხადებენ, რომ უწყების ხელმძღვანელობა მზად არის, ნებისმიერ დროს შეხვდეს სანატორიუმ „ქართლში“ მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს
შემდეგი სტატიატეტუნაშვილის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება