“საქართველო ვაშინგტონის პოლიტიკური დღის წესრიგში” – პრეზიდენტმა აშშ-ში ვიზიტი შეაჯამა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაშინგტონში ბირთვული უსაფრთხოების სამიტს მსოფლიო და გლობალურ გამოწვევებზე დიალოგის უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობა უწოდა.
„ჩვენ წარმოვადგინეთ საქართველოს პოზიცია, რომელიც არის ძლიერი იმიტომ, რომ რეალურად საქართველო არის ერთერთი წამყვანი ქვეყანა ბირთვული ნარჩენების მართვის თვალსაზრისით, ბირთვული მასალების უკანონო გატანა-ტრანზიტის აღკვეთის თვალსაზრისით.

ბუნებრივია, იმ ფონზე, რომელიც სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში არსებობს, როდესაც ჩვენი ოკუპირებული ორი ტერიტორია ფაქტიურად ვერ კონტროლდება ამ თვალსაზრისით და, ამასთანავე, რომლიდანაც ჩვენ გვექვს დიდი ეჭვი, რომ ხდება უკანონო გატანა-ტრანზიტი ამ ბირთვული ნარჩენების . აი ამ ფონზე, საქართველო მაინც არის ერთერთი ყველაზე წამყვანი ქვეყანა, რომელიც რეგიონის სხვა ქვეყნებს უწევს კონსულტაციას ამ მიმართულებით. მე ვარ ამაყი, რადგან ჩვენ ქვეყანა ამ თალსაზრისით იქნა გამოყოფილი და დაჯილდოებული საკუთარი წარმატებების გამო“,- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა ვაშინგტონში მედიასთან შეხვედრისას.

პრეზიდენტმა სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებთან გამართული ორმხრივი შეხვედრების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი შეხვდა უნგრეთის, ნორვეგიის, ჰოლანდიის, პოლონეთის და ევროკავშირის წარმომადგენლებს.

„ ბუნებრივია ლიდერებთან ვისაუბრეთ იმ მნიშვნელოვანი ეტაპების შესახებ, რომელიც საქართველოს წინაშე დგას და ეს არის, ერთი მხრივ ჩვენი ვიზალიბერალიზაციის პროცესი, ხოლო მეორე მხრივ, ეს არის ვარშავის NATO-ს სამიტი.

მინდა მოგახსენოთ, რომ ამ ქვეყნების ლიდერების, ევროკავშირის შემთხვევაში ბატონი ტუსკისა და ქალბატონი მოგერინის მხრიდან, მე ვნახე საქართველოს საგარეო-პოლიტიკური კურსის მყარი მხარდაჭერა; აბსოლუტური მხარდაჭერა იმ მიზნების, რომელიც საქართველოს აქვს. მე შევხვდი ადამიანებს, რომლებიც ისევე ფიქრობენ მომავალზე როგორც ჩვენ ვფიქრობთ, იზიარებენ იგივე ღირებულებებს და პარტნიორობის ხელს გვიწვდიან მომავალთან მიმართებაში.

ბუნებრივია, აქ ჩვენ შევხვდით არაერთ ამერიკელ პოლიტიკოსს; მათთანაც ფაქტიურად იგივე საკითხებზე გვქონდა საუბარი. განვიხილეთ, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს სტრატეგიული განვითარების აქტიური თანადგომა, კიდევ ერთხელ მივიღეთ მხარდაჭერა, რომ საქართველო უფრო აქტიურად იყოს წარმოდგენილი ვაშინგტონის პოლიტიკურ დღის წესრიგში.

მე ვხედავ, რომ გარკვეული საკითხები, რომლებზეც აქტიურად ვსაუბრობდით, მაგალითად საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის უპირობო მხარდაჭერის თაობაზე, ახლა მზადდება ძალიან საინტერესო რეზოლუცია ამასთან დაკავშირებით.

ვაშინგტონში შეხვედრებისას ბუნებრივია, შევეხეთ კიდევ სხვა საკითხებს, რომელიც არსებობს ქართულ-ამერიკულ დღის წესრიგში. შეჯამების სახით მინდა გითხრათ, რომ შეხვედრებზე, რომლებიც გაიმართა ამერიკულ მხარესთან, იყო ხაზგასმული ერთი მნიშვნელოვანი პოზიცია, საქართველო უფრო აქტიურად უნდა იყოს ამერიკულ დღის წესრიგში და ორმხრივი ქართულ-ამერიკული ურთიერთობები უნდა გაძლიერდეს და გაღრმავდეს.აი ამ შედეგებით ჩვენ ვასრულებთ მუშაობას ბირთვული უსაფრთხოების სამიტზე. “, -განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდავით ნარმანია: იქ, სადაც მაღლივი მშენებლობები არის დაუშვებელი, იქნება გარკვეული შეზღუდვები
შემდეგი სტატიაექსკლუზივი-გოგო რომლის გამოც ერეკლე კოდუამ ნანუკა ჟორჟოლიანი მიატოვა