„საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას”- ზახაროვა

„საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში,”- ასე ეხმაურება რუსეთის საგარეო უწყების წარმომადგენელი დასავლეთისა და აშშ-ს სანქციებს.
„კურიერთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის და ბეჭდვის დეპარტამენტის უფროსი მარია ზახაროვა ამბობს, რომ რუსეთისათვის დაწესებულ სანქციების მიზეზად საქართველო დასახელებული არ არის.
ზახაროვა ამბობს, რომ თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, მაშინ ქართული საზოგადოება უნდა დაფიქრდეს, ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვები თავისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის.
„ყველამ ვიცით, რომ დასავლეთში არსებობენ ძლიერი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ანტირუსული სანქციების გაფართოებისა და შენარჩუნებისთვის იბრძვიან. ამ დროს მათ მოტივებს არ აქვთ არანაირი კავშირი საქართველოს ინტერესების დაცვასთან. ეს აზრი მხოლოდ ძალიან გულუბრყვილო ადამიანებს შეიძლება მოუვიდეთ.
“ჩემი აზრით, ეს ცხადია. თუ საქართველო იქნება ნახსენები სანქციების ერთ-ერთ მიზეზად, ეს იქნება კარგი საბაბი რომ ქართველები დაფიქრდნენ – ხომ არ იყენებენ მათ ქვეყანას სხვები თავისი გეოპოლიტიკური თამაშებისთვის. ეს დასკვნა თავისთავად მოდის. საქართველო უკვე გადაიქცა დასავლური სტრატეგიის ელემენტად, რომელიც მიზნად ისახავს რუსეთის შეკავებას შავ ზღვისპირეთსა და სამხრეთ კავკასიაში.
არც ისე შორეულ წარსულში შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა საჯაროდ განაცხადა – ვციტირებ : “შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს შეიარაღებას რუსეთისთვის წინააღმდეგობის გაწევის მიზნით.”
“ჩემი აზრით, ქართველ პოლიტიკოსებს უნდა ახსოვდეთ, რომ სხვისი გეოპოლიტიკური ინტერესებით მოქმედება ეროვნული ინტერესების დაცვის სანაცვლოდ, უმადური და არაკეთილშობილი საქმეა“-ამბობს ზახაროვა.

“კურიერი”

banner
წინა სტატიაშისურსათის სააგენტომ ზესტაფონში, ცენტრალურ ავტომაგისტრალზე საზოგადოებრივი კვების ობიექტები შეამოწმა
შემდეგი სტატია“უმრავლესობისა და ფრაქციის ჩატიდან უკვე ამომშალეს – ველოდები ფრაქციიდან გარიცხვას”