საქართველო თითქოს მრავალწლიანი ლოთობიდან გამოვიდა – სიმონიანს ივანიშვილის გამოსვლა მოეწონა

რუსმა პროპაგანდისტმა მარგარიტა სიმონიანმა ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს გორში გამოსვლა მოუწონა.

სიმონიანი ივანიშვილის სრული გამოსვლიდან იმ ნაწილსაც აქვეყნებს, რომელშიც მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარე აგვისტოს ომში წინა ხელისუფლების “ბრალეულობასა” და ოსებისთვის ბოდიშის მოხდაზე საუბრობს.

“საქართველო საოცრად ადეკვატურად იქცევა. თითქოს მრავალწლიანი ლოთობიდან ან ფსიქოზიდან გამოვიდა. მოკლედ, თბილად მივესალმებით!”, – დაწერა პროპაგანდისტმა სოციალურ ქსელში.

***

ქართული ოცნების დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა გორში სიტყვით გამოსვლისას აგვისტოს ომსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში მან 2008 წლის ომში კვლავ არა რუსეთი, არამედ ყოფილი ხელისუფლება დაადანაშაულა და ნაციონალური მოძრაობისთვის “ნიურნბერგის პროცესი” დააანონსა. ივანიშვილის მტკიცებით, აგვისტოს ომი “გარედან დაგეგმილი პროვოკაცია” იყო, რომლის “გამჩაღებელი” მისი თქმით, ყოფილი ხელისუფლებაა. 2008-ში რუსეთის მიერ თავდასხმისა და შემდგომი ოკუპაციის ფონზე, ივანიშვილმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ “აუცილებლად გამოძებნიან საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოიხადონ იმის გამო, რომ ნაციონალურმა მოძრაობამ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ოსი დები და ძმები”.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე – კოლექტიური „ნაციონალური მოძრაობა“ როდესაც ხელისუფლებაში იყო, კლავდა და აუბედურებდა ადამიანებს, დღეს ამის რესურსი არ აქვთ და რა შესაძლებლობებიც აქვთ, იმას იყენებენ
შემდეგი სტატიაერთიანობა-ენმ ივანიშვილზე: ეროვნული სირცხვილია, ამ განცხადებით ემსახურება რუსეთის ინტერესებს