“საქართველო ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას გმობს”

გიორგი მარგველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მალის დედაქალაქში მომხდარ ტერორისტულ აქტს ეხმაურება.

“20 ნოემბერს მსოფლიო კიდევ ერთი აღმაშფოთებელი ტერაქტის მოწმე გახდა. ტერორისტთა თავდასხმამ მშვიდობიან მოქალაქეებზე მალის დედაქალაქ ბამაკოში დაადასტურა, რომ ტერორიზმს ეროვნება და რელიგია არ გააჩნია.

გარდაცვლილთა შორის სხვადასხვა წარმომავლობის და რელიგიური აღმსარებლობის ადამიანები არიან. ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას ვუცხადებ ყველა დაღუპულის ოჯახს.

მძევალთა გათავისუფლების ოპერაციამ კიდევ ერთხელ ცხადყო, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ერთიანი ძალისხმევა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში. სწორედ საერთაშორისო თანამშრომლობით მოხერხდა მათი დიდი ნაწილის გათავისუფლება.

საქართველო გმობს ტერორიზმის ნებისმიერ გამოვლინებას და მტკიცედ დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ამ საფრთხის წინააღმდეგ ბრძოლაში”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი ჟურნალისტებს ტელევიზიის საერთაშორისო დღეს ულოცავს
შემდეგი სტატია,,ჩვენი მთავრობის მთავარი ღირებულება არის ადამიანი, მისი სიცოცხლე და ჯანმრთელობა”