საქართველო შევიდა ძალიან მძიმე ფაზაში, როცა ყოველდღიურად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან ვისმენთ ძალიან ნეგატიურ შეფასებებს – წერეთელი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგი წერეთელი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2021 წლის საინვესტიციო კლიმატის შესახებ ანგარიშს ეხმაურება, სადაც საქართველოზე და სასამართლო სისტემაზეა საუბარი.
წერეთლის თქმით, საქართველო შევიდა ძალიან რთულ ფაზაში, როდესაც ყოველდღე საერთაშორისო პარტნიორებისაგან ვისმენთ კრიტიკას, საყვედურებს და ნეგატიურ შეფასებებს.
წერეთელმა აღნიშნა, რომ ხელისუფლებისაგან არ ისმის არანაირი ადეკვატური პასუხი და კვლავ ცდილობს დაიქვემდებაროს სასამართლო სისტემა.
„საქართველო შევიდა ძალიან რთულ და მძიმე ფაზაში, როცა ჩვენ ყოველდღიურად, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისაგან, ჩვენი მეგობრებისგან, მხარდამჭერებისაგან, ვისმენთ კრიტიკას, ვისმენთ საყვედურებს, ვისმენთ ძალიან ნეგატიურ შეფასებებს.
მე არ ვიცი ხელისუფლება რას ფიქრობს, რით პასუხობს ამ ყველაფერს, რომ მაგალითად სასამართლო სისტემაზე ამგვარი შეხედულება აქვს სახელმწიფო დეპარტამენტს, ეს ხომ არ არის ერთი უწყების შეფასება მხოლოდ, ეს ვრცელდება მთელ მსოფლიოში, ეს აფერხებს ინვესტიციებს, ეს ამცირებს სამუშაო ადგილებს, ანელებს ეკონომიკას, ზრდის კორუფციას, მოსდევს ლარის კიდევ უფრო გაუფასურება და ფასების მატება – როცა ინვესტიციები არ შემოდის ქვეყანაში.
შესაბამისად, არანაირი სწორი ან მასთან მიახლოებულ ქმედება ჩვენი ხელისუფლებისაგან არ ჩანს, მათ აქვთ ერთადერთი, მანიაკალური სურვილი, რომ დაიქვემდებარონ სასამართლო სისტემა, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს ნეგატიურ კონტექსტში და უზარმაზარ ზიანს აყენებს საქართველოს, როგორც სახელმწიფოს,“ – განაცხადა წერეთელმა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტი: რუსეთი შეიჭრა საქართველოში და მოახდინა საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარტამენტი: მიუხედავად იმისა, რომ მთავრობა აცხადებს, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის ერთგულია, ინვესტორები და ადგილობრივი ბიზნესლიდერები ამას ეჭვქვეშ აყენებენ