“ჩვენ ვაგრძელებთ მხილებას, რომელიც ეხება უმძიმეს სკანდალს, რომელშიც საქართველო თანდათან ეხვევა ყულევის ეგრეთ წოდებული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის გამო”,_ ამის შესახებ “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
“შეგახსენებთ, საქსტატის ინფორმაციით, , 2026 წლის იანვარში საქართველომ ადგილობრივი ექსპორტით გაიტანა ქვეყნიდან 56 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები, რითაც წინა წლის იანვრის მაჩვენებელთან შედარებით 3300%-იანი ზრდა აჩვენა და ნავთობპროდუქტები საქართველოს მთავარი საექსპორტო პროდუქცია გახდა.
აქვე, უკანასკნელი სამი თვის მანძილზე, წინა წლის მთელი დატვირთვაც მოდის უკანასკნელ ორ თვეზე, ნოემბერ-დეკემბერზე, ჯამში, ნოემბერში, დეკემბერსა და იანვარში საქართველოდან გატანილია 120 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობპროდუქტები, რაც კოლოსალური მაჩვენებელია. რომ შევადაროთ 2025 წლის იანვარს, იქ საუბარი მხოლოდ მილიონ-ნახევარ დოლარზე იყო.
ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ყულევში, რომელმაც წესით ეს ნავთობი უნდა გადაამუშაოს, ნედლი ნავთობი ამ პროდუქტად აქციოს, უბრალოდ არის დაუსრულებელი და არ ფუნქციონირებს – ერთადერთი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, ფაქტობრივად, სამშენებლო მდგომარეობაშია. ჩვენი ადგილობრივი დეპუტატები, ხობისა და ზუგდიდის დეპუტატები გუშინ იყვნენ მისულები ადგილზე. არათუ რაიმე საწარმოო პროცესი მიმდინარეობს ამ ქარხანაში, ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ იქამდე გზაც კი არ არის მიყვანილი, უბრალოდ, ავი ძაღლები დარბიან და არცერთი საკვამურიდან არანაირი ბოლი არ ამოდის, ანუ ქარხანა უბრალოდ არ მუშაობს. მსმენელისთვის გასაგები რომ იყოს, ნავთობი რომ გადამუშავდეს ნავთობ პროდუქტად ამას დუღილი სჭირდება და დუღილი იცით, რომ გარკვეულ ბოლს გამოიმუშავებს.
ამ ვითარებაში ჩვენ უკვე ვიცით ევროკავშირის ელჩებისგან, რომლებმაც უკვე ოფიციალურად განაცხადეს ინტერვიუებში, რომ საქართველოში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა შედის ევროკავშირის რუსეთისადმი სანქციების მე-20 პაკეტში, რომელიც დროებით შეჩერებულია, მაგრამ უახლოეს პერიოდში აუცილებლად დამტკიცდება.
24 თებერვალს კი დიდმა ბრიტანეთმა მაშინ, როდესაც რუსული ჰიბრიდული ომის მანქანები საქართველოდან, “იმედი” და “POST TV” დაასანქცირა, ამის პარალელურად დაასანქცირა რუსული ჩრდილოვანი ფლოტის ერთ-ერთი გემი, რომელიც 2025 წლის ოქტომბერში ოფიციალურად ფიქსირდება საქართველოს ტერიტორიაზე, ყულევის ტერმინალში და მან შემოიტანა 100 000 ტონა ნედლი ნავთობი საქართველოში, ამ გემმა, რომელიც უკვე სანქციების ქვეშ არის.
მოქალაქეებს მინდა შევახსენო, რომ ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა რიგითი ბიზნესი არ არის. ამ ისტორიის ყველა ბოლო მიდის პირდაპირ ბიძინა ივანიშვილთან. ეს არ არის უბრალოდ ინვესტიცია, რომელიც ერთი რიგითი ბიზნესმენი, ვინმე გოგელია იწყებს და აფორმებს შვილებზე და მისი ოჯახის სხვა წევრებზე.
ძალიან მოკლედ მივყვეთ ქრონოლოგიას, 2024 წლის 31 ივლისს ხობის მუნიციპალიტეტი “ბლექ სი პეტროლიუმს”, რომელიც ეკუთვის ბატონ გოგელიას, გადასცემს 600 000 კვადრატულ მეტ ტერიტორიას, რომ იქ განთავსდეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა. 2024 წლის 22 ოქტომბერს აღნიშნული ქარხანა ზარ-ზეიმით იხსნება, გახსნას ესწრება მთავრობის სრული შემადგენლობა. მაშინდელი მთავრობის ერთ-ერთი წარმომადგენელი, კობახიძე აღნიშნავს, რომ იქ 500 ხობელი უნდა დასაქმდეს და დღეს კაციშვილი არ მუშაობს და “ასეთი მასშტაბის საწარმოო პროექტი შეიძლება საუკუნეში ერთხელ იქმნებოდეს” – ასე აფასებდა ამ პროექტს აწ უკვე განდევნილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი.
2024 წლის 25 ოქტომბერს საქართველოს განვითარების ფონდი, საინვესტიციო ფონდი, რომელიც ახლა ბანკად უნდა გადააქციონ, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ამ პროექტში, როგორც საუკუნის პროექტში, საქართველოს სახელმწიფოს სახელით 5 მილიონი დოლარი ჩადო, რაც შემდეგ გაიზარდა, როგორც ინვესტიცია. ამის შემდეგ ჩვენ ვიგებთ, რომ სამი კომერციული ბანკი, სხვათა შორის არცერთი საერთაშორისო რეპუტაციის, მათ შორის “ქართუ”, 45 მილიონი დოლარის კრედიტს აძლევს “ბლექ სი პეტროლიუმს” ამ ქარხნის მშენებლობის პროექტისთვის.
2025 წლის 16 ოქტომბერს საქართველოს მთავრობა იღებს დადგენილებას, რომელიც პირდაპირ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას ეხება და ამბობს, რომ საქართველოში 2025 წლის 16 ოქტომბრიდან დასაშვები ხდება დაბალი ხარისხის დიზელის შემოტანა თუ ეს დიზელი საქართველოში გადამუშავების მიზნით შემოდის, გადამუშავება კი შეიძლება მხოლოდ ყულევის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში.
საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ ეს ყველაფერი, რაც ახლა მოვყევი, ის დამოკიდებულება ხელისუფლების მხრიდან, ამის პარალელურად გაუთავებელი ხსენება ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მინისტრების, მათ შორის პრემიერ-მინისტრის დონეზე, არ არის შემთხვევითი იმიტომ, რომ არავითარი კოტე გოგელია ან ნებისმიერი სხვა ბიზნესმენი, არ ხდება ხოლმე პრემიერ-მინისტრის პირადი დაცვის და პირადი კონტროლის საგანი, თუ ამ საქმეში არ ურევია ერთი ადამიანი და ეს ერთი ადამიანი არის, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილი, კაცი, რომელიც 14 წლის მანძილზე ამ ქვეყნის მოსახლეობას აღარიბებს, ფასების ზრდაზეა პასუხისმგებელი, კორუმპირებული მთავრობების პლეადებზეა პასუხისმგებელი, როგორც თვითონ ამბობს, მოღალატე პრემიერ-მინისტრების პლეადებზეა პასუხისმგებელი, არის ის კაცი, რომელიც იმალება მთელი ამ ჩვეულებრივი კრიმინალური სქემის უკან! ამ კრიმინალური სქემის მიზანი კი არის რუსეთის სანქცირებული ნავთობი გარკვეული მანქანებით და საბუთების ცვლილებებით აქციოს ადგილობრივ ნავთობპროდუქტად და ის გაყიდოს მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. ამით საქართველო და ქართული სახელმწიფო, ფაქტობრივად, როგორც აქამდე ბრიტანულმა სანქციებმა თქვეს “იმედი” და “POST TV”-ზე, საქართველოს სახელმწიფო ამ სქემით ხდება მონაწილე უკრაინა-რუსეთის ომისა რუსეთის სასარგებლოდ!”_ აცხადებს თაზო დათუნაშვილი.