საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება, თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არსებობს, ამ პრეტენზიებს ვერ მივიღებთ – პაპუაშვილი

საქართველო სამხედრო დახმარებაში ვერ ჩაერთვება და აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება, თუ ამ ორ საკითხთან დაკავშირებით პრეტენზიები არსებობს, ამ პრეტენზიებს ვერ მივიღებთ, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას.

„საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე გამოხატავს უკრაინის მხარდაჭერას. მათ შორის, ჰუმანიტარული დახმარების და ლტოლვილების მიღების კუთხით ჩვენი პოზიცია არის ცალსახა და მოწინავე. ასევე, სანქციებთან დაკავშირებით გვაქვს საკმაოდ მკაფიო და არაორაზროვანი პოზიცია, რომ არ იქნება გვერდის ავლა. გამოდის, რომ არის ორი საკითხი, სადაც საქართველო ვერ მონაწილეობს. ეს არის სამხედრო დახმარება და მეორე ფრონტის გახსნა. თქვენ გახსოვთ, რომ ეს ყველაფერი დაიწყო მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობამ უარი განაცხადა რეისის ორგანიზებაზე და მოხალისე მებრძოლთა ორგანიზებულად გაშვებაზე, რაც იქნებოდა პირდაპირი ჩართვა სამხედრო კონფლიქტში. ზუსტად მაშინ იყო, მეორე დღეს, რომ ელჩის გაწვევა მოხდა კონსულტაციაზე. ანუ, რაც შეეხება სამხედრო დახმარებას და სამხედრო ჩართულობას, საქართველო, რა თქმა უნდა, ამაში ვერ ჩაერთვება და მეორე, აქ მეორე ფრონტიც ვერ გაიხსნება. ამ ორ საკითხთან დაკავშირებით თუ არსებობს პრეტენზიები, ჩვენ შეგვიძლია, თამამად ვთქვათ, რომ ამ პრეტენზიებს, რა თქმა უნდა, ვერ მივიღებთ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

ამ განცხადებით შალვა პაპუაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, როგორ შეაფასებს არესტოვიჩის განცხადებას – „რჩება შთაბეჭდილება, რომ საქართველო ამართლებს რუსეთის ქმედებებსა და პოზიციებს და ცდილობს, თავი მოაწონოს მას“, რატომ აქვს ასეთი აღქმა უკრაინელ მაღალჩინოსანს და რა კომენტარს გააკეთებს იმ მინიშნებებთან დაკავშირებით, რაც უკრაინის მხრიდან ხშირად კეთდება, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საქართველოსგან, როგორც ახლო მეგობრისგან და სტრატეგიული პარტნიორისგან გაცილებით მეტს ელოდებიან.
პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე განაცხადა, რომ არანაირად არ არის გასაგები, როდესაც ერთი ქვეყნის ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირები მეორე ქვეყანას ომს უსურვებენ.

„ამაში საერთოდ არაფერი არ არის გასაგები. ეს ერთი და მეორე, სამწუხაროდ, განცხადებებში ხშირად გვესმის ხოლმე გამიჯვნა საქართველოს ხელისუფლებას და ხალხს შორის. თითქოს, საქართველოს ხალხი ერთ მხარეს არის და ხელისუფლება მეორე მხარეს. ეს პროპაგანდისტული მეთოდი, სხვათა შორის, გამოიყენება რუსეთის მხრიდან. ერთადერთი ქვეყანა, რომელიც სხვა ქვეყნების მიმართ ამ მეთოდს იყენებს და მიჯნავს ხალხსა და მის მიერ არჩეულ ხელისუფლებას, არის რუსეთი და რუსეთი სწორედ უკრაინის მიმართ იყენებს ასეთ რიტორიკას. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენთვის განსაკუთრებით გასაკვირია, როდესაც ასეთი რიტორიკით ხდება მიდგომა საქართველოს ხალხის და მის მიერ არჩეულ ხელისუფლების მიმართ. ხალხსა და ხელისუფლებას შორის არანაირი სხვაობა და გაყოფა არ არის. საქართველო არის დემოკრატიული სახელმწიფო, რომელსაც ხელისუფლებაში ჰყავს ხალხის მიერ არჩეული მთავრობა, თუ პარლამენტი“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

წინა სტატიაშისაქართველოს შესახებ ანგარიში იძლევა სრულ სურათს იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რაც საქართევლოში არსებობს – დეკანოიძე
შემდეგი სტატიაგვაქვს ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლების კავშირი რუსეთთან უფრო მტკიცდება – ლიზა იასკო