“საქართველო რუსი ოლიგარქის გარეშე”-კანადაში მცხოვრებმა ქართველებმა სოლიდარობის აქცია გამართეს

კანადაში მცხოვრებმა ქართველმა ემიგრანტებმა სოლიდარობის აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევა და გაყალბებული არჩევნები გააპროტესტეს.

” მოგვპარეს დემოკრატია, მოგვპარეს კონსტიტუციური უფლება,ვგდავართ მათთან, ვინც იბრძვის დღეს ჩვენი ხმების დასაცავად, საქართველო რუსი ოლიგარქის გარეშე”-აცხადებენ აქციის მონაწილები. შეიქმნა კანადაში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა და ქართული სახელმწიფოს მხარდამჭერ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა პეტიცია.

 

 

 

კანადის პარლამენტს,

პრემიერ მინისტრს – ჯასტინ პიერ ჯეიმს ტრუდოს,

ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები, კანადაში მცხოვრები ქართველები, რომლებიც სხვადასხვა დროს სხვადასხვა მიზეზით აღმოვჩნდით ამ დიდებულ ქვეყანაში, ვუდასტურებთ ჩვენს უსაზღვრო მადლიერებას კანადის სახელმწიფოს და მოგმართავთ რათა მოგაწოდოთ ინფორმაცია საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების დროს პრორუსული ხელისუფლების მხრიდან განხორციელებულ ძალადობის, შანტაჟის, მუქარის, მოსყიდვისა და ტოტალური გაყალბების გზით ძალაუფლების მიტაცების მცდელობასთან დაკავშირებით (თან ვურთავთ აღნიშნულის დამადასტურებელ ვიდეო, აუდიო და დოკუმენტურ მასალას), რასაც ხელი შეუწყო საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისათვის მათი უფლებამოსილების განხორციელების ხელის შეშლას.

მოგმართავთ თხოვნით, როგორც მსოფლიოში დემოკრატიის ერთ-ერთ ფლაგმან სახელმწიფოს, დააფიქსიროთ თქვენი ნეგატიური დამოკიდებულება საქართველოში, ამომრჩევლის ნების უგულველყოფითა და არჩევნების გაყალბების გზით ხელისუფლების მიტაცების მცდელობასთან დაკავშირებით.

გთხოვთ, მხარი დაუჭიროთ საქართველოს მოქალაქეების, პროდასავლური ორიენტაციის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორის მოთხოვნას მშვიდ და სამართლიან გარემოში ხელახალი არჩევნების ჩატარების შესახებ.

საქართველოს, როგორც ახალგაზრდა დემოკრატიას, ახლა, როგორც არასდროს სჭრიდება საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა.

აქვე ვადასტურებთ, რომ კანადის სახელმწიფოში საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა ქართული კანონმდებლობის შესაბამისად და კანადის ხელისუფლების უსაფრთხოების ნორმებისა და კოვიდის პრევენციის პროტოკოლის სრული დაცვით, ყოველგვარი ექსცესების გარეშე. კანადაში საქართველოს საელჩოს მხრიდან უზრუნველყოფილი იყო სრული ნეიტრალიტეტი, რისთვისაც კიდე ერთხელ გიხდით მადლობას.

ღმერთმა გააძლიეროს და დალოცოს კანადა და კანადელი ხალხი!

შეგახსენებთ, ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან, მაშინ, როდესაც უწყებასთან აქციის ჯერ სულ რამდენიმე ათეული მონაწილე იყო მოსული, პოლიციამ წყლის ჭავლი ყოველგვარი გართხილების გარეშე გაუშვა, მალევე გაუშვეს მხუთავი აირიც. მოგვიანებით, წუხელ კვლავ გამოიყენეს წყლის ჭავლი. დაშავდნენ ადამიანები, მათ შორის მედიის წარმომადგენლები. 20 ივნისის მსგავსად, 8 ნოემბრის აქციაზე მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა დაზიანებები მიიღეს თვალისა და თავის არეში.

ოპოზიციის მორიგი საპროტესტო აქცია დღეს 6 საათზე რუსთაველის გამზირზე გაიმართება.

banner
წინა სტატიაშითავისუფლების ინსტიტუტი: მზად ვართ სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ აქციაზე დაშავებულებს
შემდეგი სტატიათედო გობეჯიშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო მსჯელობს