საქართველო პირველად მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში კენდოში

24-26 მაისს სერბეთის დედაქალაქში ბელგრადში გაიმართება ევროპის 29-ე ჩემპიონატი კენდოში, რომელშიც პირველად მიიღებს მონაწილეობას საქართველოს ეროვნული ნაკრები. საქართველო გახდა პირველი ქვეყანა კავკასიაში, რომელიც გამოდის ევროპის პირველობაზე კენდოში თავისი ეროვნული ნაკრებით. საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ლეკაშვილმა გვაცნობა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები ორ ასაკობრივკატეგორიაში (უფროსები და 18-მდე ასაკის) მიიღებს მონაწილეობას ევროპის ჩემპიონატში.

«ეს ისტორიული ფაქტია, რადგან მანამდე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს არ მიუღია მონაწილეობა ასეთი დონის საერთაშორისო ჩემპიონატზე. მსგავს სპორტულ შეჯიბრებაზე გამგზავრება მოითხოვს გარკვეულ ფინანსებს, რასაც მარტო ჩვენი ძალებით ვერ შევწვდებით. რომ არა ისეთი მნიშვნელოვანი სპონსორების დახმარება, როგორიცაა „თიბისი ბანკის“ ფონდი, თბილისის მერიის სპორტის სამსახური და სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“.“- განაცხადა გ.ლეკაშვილმა.

ბელგრადში, ევროპის ჩემპიონატზე, უფროსების შეჯიბრებაში საქართველოს სახელით გამოვლენ გიორგი ლეკაშვილი (კაპიტანი), გიორგი გეგენავა, ფოლად მაშოვი, ვაჟა ასათიანი, დიმიტრი სტრელკოვი. უმცროსებში ჩვენ ქვეყანას ევროპის პირველობაზე წარმოადგენენ: დავით ყუბანეიშვილი, საბა დესპოტაშვილი და ლაშა ჯანაშია, გოგონათა შეჯიბრებაზე იასპარეზებს ქეთევან ნიქაცაძე. საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელია ანდრეს ტორეს კრუზი. საქართველოს დელეგაცია ბელგრადში ჩაფრინდება 23 მაისს გამთენიისას. ჩვენი ქვეყნის კენდოს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი მონაწილეობას მიიღებს ევროპის სახელმწიფოების კენდოს ფედერაციების გენერალურ ასამბლეაში, მას ჩაატარებენ საერთაშორისო და ევროპის ფედერაციების უმაღლესი წარმომადგენლები და დაამტკიცებენ ჩემპიონატის ახალ რეგულაციებს, ასევე მიიღებენ სხვადასხვა დადგენილებებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კენდოს უფრო მეტ განვითარებას. 26 მაისს გაიმართება ჩემპიონატის დახურვის ცერემონია და მონაწილეთა დაჯილდოება. ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი და ორგანიზატორი გახლავთ სერბეთის კენდოს ეროვნული ფედერაცია, მხარდამჭერი: ევროპის კენდოს ფედერაცია, ტექნიკური მხარდამჭერი: კენდოს საერთაშორისო ფედერაცია.

კენდო
კენდო – იაპონურიდან ითარგმნება, როგორც „ხმლის გზა“ და არის იაპონური ფარიკაობის თანამედროვე ხელოვნება, რომელიც სათავეს იღებს ხმლის ფლობის სამურაების ტრადიციული ტექნიკიდან. იაპონიაში კენდო არის ელიტარული (საიმპერატორო) საბრძოლო ხელოვნება. კენდოს მთავარ მიზანს და მისიას
წარმოადგენს მებრძოლი სულის, ძლიერი ხასიათის, ჯანმრთელი სხეულისა და სრულფასოვანი პიროვნების ჩამოყალიბება. გარდა ამისა, კენდო არ არის შეზღუდული ასაკით და სქესით და კენდოში შეუძლია ივარჯიშოს ნებისმიერი წლოვანების ადამიანმა, კაცმაც და ქალმაც. ამჟამად კენდოთი მსოფლიოში დაკავებულია 2 მილიონზე მეტი ადამიანი. ასევე, არსებობს მოძრაობა, რათა კენდო ჩართონ ოლიმპიური თამაშების პროგრამაში.

საქართველოს ფედერაცია
საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაციის შექმნამდე 2001 წელს საინიციატივო ჯგუფი დავით ხომერიკის, გიორგი ლეკაშვილის და მამუკა კურტანიძის შემადგენლობით დაუკავშირდა კენდოს საერთაშორისო ფედერაციას იაპონიაში, რომლისგანაც მიიღეს რეკომენდაცია დაკავშირებოდნენ ბატონ კუნიო ოკადას (კენდოს მასწავლებელი, ტოკიოს კენდოს კლუბ „ვაშინკაი“-ის წევრი და იაპონიის კენდოს ფედერაციის ინსტრუქტურო, მე-5 დანი). კუნიო ოკადა 2002 წელს ეწვია საქართველოს და ჩაატარა ვარჯიშები კენდოში, ჩამოიტანა სასწავლო ლიტერატურა და ინვენტარი. ამის შემდეგ საინიციატივო ჯგუფი და სპორტსმენები აგრძელებდნენ ვარჯიშს მიუხედავად რთული პირობებისა და რეგულარული დარბაზის არ ქონისა. იმისათვის, რომ კენდოს განვითარებას მისცემოდა ორგანიზებული სახე, საინიციატივო ჯგუფის მიერ 2009 წლის 30 ნოემბერს, თბილისში დაფუძნდა–ოფიციალურად დარეგისტრირდა საქართველოს კენდოს ეროვნული ფედერაცია, როგორც არასამეწარმეო, არაკომერციული საზოგადოებრივი ორგანიზაცია. ფედერაციის პრეზიდენტად არჩეული იქნა გიორგი
ლეკაშვილი, ვიცე-პრეზიდენტად დავით ხომერიკი, საერთაშორისო მდივნად მაკა კანდელაკი.

ტურნირები
კენდოს, როგორც სპორტის ყველა ახალი სახეობის წარმატებით დანერგვა და განვითარება, მოითხოვს სათანადო ცოდნას და გამოცდილებას, ამ მიზნით ფედერაციის ენთუზიაზმით და საკუთარი შესაძლებლობებით თბილისში ჩატარდა რვა საერთაშორისო კლასის სემინარი (2010, 2011, 2013, 2014, 2015, 2016, 2017 წლ.),

2018 წელს კი თბილისის საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც თბილისის კენდოს კლუბმა-სამურაიმ (ხელმძღვანელი-გიორგი ლეკაშვილი) მე-2 ადგილი დაიკავა გუნდურში, ხოლო დავით ყუბანეიშვილი ვერცხლის მედალს დაეუფლა ჯუნიორებში ინდივიდუალურ კატეგორიაში.ამ ტურნირზე ვაჟებში ინდივიდუალურში ჩემპიონი გახდა გიორგი გეგენავა. 2019 წელს თბილისის კენდოს კლუბების ,,სამურაი’’ და ,,გზაათი’’-ს კენდოს კლუბის წევრებმა მოიგეს ისრაელის საერთაშორისო ტურნირის თასი და ოქროს მედალი (დავით ყუბანეიშვილმა, ოქროს მედალი და თასი). ხოლო ქეთევან ნიქაცაძემ გოგონებში მეორე ადგილი. ქართველმა სპორტსმენებმა 2013-2017 წწ. ინდივიდუალურად მიიღეს მონაწილეობა კენდოს ევროპის ჩემპიონატზე. კერძოდ, 2013 წელს პირველად მონაწილეობა მიიღო დავით ხომერიკმა,,2017-2018 წლებში კი გიორგი ლეკაშვილმა იასპარეზა ორ ევროპის ჩემპიონატზე ინდივიდულაურ კატეგორიებში. საქართველოს მიღებული აქვს მონაწილეობა 2010 წელს Open Tbilisi-ს
ჩემპიონატზე, 2014, 2015, 2017, 2018 წლებში კი საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალებზე საჩვენებელ გამოსვლებში. 24-26 მაისს საქართველოს ეროვნული ნაკრები პირველად მიიღებს ისტორიულ მონაწილეობას ევროპის კენდოს 29-ე ჩემპიონატში.

დაინტერესებულ პირებს და გულშემატკივრებს შეუძლიათ თვალყური ადევნონ ლაივ რეჟიმში საქართველოს ეროვნული ნაკრების
ასპარეზობას ევროპის ჩემპიონატზე ბელგრადში მითითებულ ლინკზე: http://www.ekc2019.com/index.html

მასალა მოამზადა: თენგიზ პაჭკორიამ

 

banner
წინა სტატიაშინათია თურნავა ევროკავშირთან ვაჭრობის საკითხზე არაფორმალურ მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას
შემდეგი სტატიადაკავებულ ფეხბურთელებს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს