საქართველო ნატო-ს ახლო პარტნიორია

საქართველო ნატო-ს ახლო პარტნიორია, – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომელმაც დღეს მიუნხენში პრესკონფერენცია გამართა.

მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსისთვის შავი ზღვის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

„შავ ზღვას სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ნატო-სთვის. ალიანსს ჰყავს მოკავშირეები: რუმინეთი, ბულგარეთი და თურქეთი და პარტნიორები: უკრაინა და საქართველო. ჩვენ გავზარდეთ ყოფნა შავი ზღვის რეგიონში საჰაერო შემოწმებით, ზღვაზე და ხმელეთზე. უსაფრთხოების გამოწვევებზე აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინასთან, რადგან რუსეთმა ყირიმის ანექსია უკანონოდ მოახდინა. საქართველო ახლო პარტნიორია. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ საქართველოსთან. ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და მათ ძალისხმევას, განახორციელონ რეფორმები და ასევე, მივესალმები ფაქტს, რომ საქართველო უზრუნველყოფს ნატო-ს მხარდაჭერას ბევრი სხვადასხვა გზით. ჩვენ ბევრი პარტნიორი გვყავს და ძალიან ვაფასებთ ამ პარტნიორობას, ახალი ზელანდიიდან და ავსტრალიიდან დაწყებული, ისეთი მეზობლებით დასრულებული, როგორიცაა ფინეთი, შვედეთი, უკრაინა და საქართველო“, – განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, პარტნიორობა არის ერთ-ერთი გზა, რითაც ნატო მუშაობს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ და ისინი მხარს გვიჭერენ ჩვენ. ბევრი პარტნიორი მონაწილეობს ნატო-ს მისიებში და ოპერაციებში, მაგალითად ავღანეთში ან ერაყში“, – აღნიშნა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ახლადარჩეული რექტორი, პროფესორი დავით გურგენიძე უფლებამოსილების აღსრულებას 17 თებერვლიდან შეუდგება
შემდეგი სტატიარუსეთმა საქართველოსა და უკრაინაში ევროატლანტიკური უსაფრთხოების არქიტექტურა დაამსხვრია