“საქართველო მზადაა სერიოზული წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აწყობაში”

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით ევროკომისარ ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე საუბარი, რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაში საქართველოს როლსაც შეეხო.

დავით უსუფაშვილის განცხადებით საქართველო მზადაა სერიოზული წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აწყობაში.

“ჩვენ კმაყოფილებით შევნიშნეთ, რომ საქართველოს როლი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ საქართველო არამხოლოდ თავად ითხოვს დახმარებას მისი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ საქართველო მზადაა სერიოზული წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აწყობაში და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მხრიდან, ამ საკითხის სწორედ ასე დანახვა, არის იმედის მომცემი მომავალი თემებისთვის. ამასობაში ჩვენ ავღნიშნეთ ის, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრეაცია ნიშნავს, ჩვენს სურვილს ევროპული სტანდარტები დავამკვიდროთ ყველა სფეროში, განსაკუთრებით დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების სფეროში. ამ საკითხში მე პირადად და ჩემმა კოლეგებმა, უმრავლესობის წარმომადგენლებმა ყოველ შემთხვევაში, ყველამ ავღნიშნეთ, რომ არის სერიოზული წინსვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ჩვენ გვჭირდება ინსტიტუციონალიზაცია ბევრი საკითხების, ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ თავისუფლება განსხვავებულობის გამოხატვაში, არამედ განსხვავებული აზრების გამოხატვის შეჯერებაში. ეს ეხება ყველა საკითხს, მათ შორის სასამართლო სისტემას, მედიას, თვითმმართველობას, პარლამენტს. ჩვენ ვიცით რომ აქ გვაქვს კიდევ ბევრი გზა გასავლელი, მაგრამ მიმართულება რომ სწორია და პროგრესი სახეზეა, ამაზე ყველა ვთანხმდებით, ამ შემთხვევაში პარლამენტი და ევროკავშირი”, – განაცხადა უსუფაშვილმა.

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრას საპარლამენტო უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: აღინიშნა რომ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობა დაგეგმილი მიმართულებებით გრძელდება
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ ვართ ის თაობა, რომელმაც საბოლოოდ უნდა დაამარცხოს ქალთა დისკრიმინაცია