საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას – საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქამეთა სამინისტრო მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოში უკრაინის მიერ რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სარჩელთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ საქართველო ჩვეულებისამებრ განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო ორგანიზაციებში, მათ შორის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებითაც.

„ამ მხრივ ნიშანდობლივია, რომ საქართველომ 2022 წლის მარტში 39 სხვა სახელმწიფოსთან ერთად მიმართა ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროკურორს გამოძიების დაწყების შუამდგომლობით. გამოძიება დაწყებულია და აქტიურად მიმდინარეობს. ეს განცხადება ეხება ჰააგაში მდებარე მეორე სასამართლოს – მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ), სადაც უკრაინის მხარდამჭერ განცხადებას საქართველო უკვე მიუერთდა 2022 წლის მაისში. ეს კონკრეტული შემთხვევა წარმოადგენს ჩვეულ სამუშაო პროცესს, სადაც საქმე ეხება ამ სამართლებრივ პროცესში საქართველოს პოტენციურად მესამე მხარედ ჩართვას და შესაბამისი ვალდებულებების აღებას („აღნიშული დეკლარაციის ხელმომწერები, რომლებიც არიან გენოციდის შესახებ კონვენციის მხარეები, გამოხატავენ განზრახვას ჩაერთონ აღნიშნულ პროცესში“). გამომდინარე ფაქტიდან, რომ საქართველოს თავად აქვს სარჩელები შეტანილი რუსეთის წინააღმდეგ სხვადასხვა საერთაშორისო სასამართლოებში, ასეთ ტიპის ვალდებულებების წინასწარ აღებამ შესაძლოა, გავლენა იქონიოს საქართველოს მიერ წარმართულ პროცესებზე, რაზეც საქართველოს მიმართული აქვს მაქსიმალური ძალისხმევა. საქართველო კვლავ გააგრძელებს საერთაშორისო საზოგადოებასთან ჩართულობით საერთაშორისო ორგანიზაციებში უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას“, – აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიპოლიტიკურ სპექტრს მოვუწოდებდი, სანამ აქციებზე ილაპარაკებენ, იქამდე იდეებზე ილაპარაკონ – ხვიჩია
შემდეგი სტატიაამ მასშტაბის საყოველთაო მოსმენები ტოტალიტარული რეჟიმის გამოვლინებაა და ევროინტეგრაციის პროცესისთვის კიდევ ერთი საწინააღმდეგო ნაბიჯია – წერეთელი