საქართველო-კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება

საქართველო-კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები გაიმართება
2018 წლის 23-24 აპრილს თბილისში გაიმართება საქართველოსა და კანადას შორის გაფართოებული ფორმატის პოლიტიკური კონსულტაციები.

ამ მიზნით საქართველოს ეწვევა კანადის დელეგაცია კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სტეფანი ბეკის ხელმძღვანელობით. ეს ვიზიტი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ კანადა 2018 წელს დიდი შვიდეულის თავმჯდომარე ქვეყანაა.

პოლიტიკურ კონსულტაციებს ქართული მხრიდან უხელმძღვანელებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ხათუნა თოთლაძე. კონსულტაციებისას განხილული იქნება საქართველო-კანადის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება, თანამშრომლობა თავდაცვის სფეროში, საქართველოსა და კანადას შორის ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. საქართველოს უწყებებისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტების წარმომადგენლებთან ერთად, კონსულტაციებში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოსა და კანადის ელჩები.

კონსულტაციების შედეგად, ხელი მოეწერება ერთობლივ განცხადებას, რომელშიც ასახული იქნება საქართველოსა და კანადას შორის თანამშრომლობის ძირითადი საკითხები. ვიზიტის ფარგლებში კანადის დელეგაცია შეხვედრებს გამართავს საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყებაში, ეწვევა საოკუპაციო ხაზს და ადგილზე მიიღებს ინფორმაციას იქ არსებულ ვითარების შესახებ. დელეგაციის წევრები ასევე გაეცნობიან იუსტიციის სახლის საქმიანობას.

banner
წინა სტატიაშიქართული კინოს ტრიუმფი პეკინის კინოფესტივალზე
შემდეგი სტატიავარკეთილში, ახალგაზრდა კაცმა თვითმკვლელობა სცადა