ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გამოქვეყნებული ოფიციალური განცხადებების მიხედვით, საქართველო არ ფიგურირებს იმ ქვეყნების სიაში, რომლებმაც საკუთარი საგარეო პოლიტიკა ირანის წინააღმდეგ EU-ს მიერ ივლისში მიღებულ სანქციურ გადაწყვეტილებებთან თანხვედრაში მოიყვანეს.
ევროკავშირის მიერ ირანის წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილებები სამ ძირითად მიმართულებას მოიცავს:
რუსეთის სამხედრო მხარდაჭერა და რეგიონული საფრთხეები: უკრაინასთან ომში თეირანის მიერ რუსეთის დახმარება, ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული დაჯგუფებების მხარდაჭერა და წითელ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლების ხელყოფა. აღნიშნული შემზღუდავი ზომები 2027 წლის 27 ივლისამდე გაგრძელდა.
ადამიანის უფლებების დარღვევები: ირანში ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებზე პასუხისმგებელი კიდევ 6 პირის (5 ირანელი მოსამართლე და ჰაკერი ნიმა სალეჰი) დასანქცირება. სანქციები მოიცავს ევროკავშირში აქტივების გაყინვასა და გადაადგილების აკრძალვას.
ბირთვული პროგრამა: ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული არსებული შეზღუდვების ძალაში დატოვება და სანქცირებულთა სიის განახლება.
EU-ს სანქციურ გადაწყვეტილებებს შეუერთდნენ: ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, მოლდოვა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა, ისლანდია, ლიხტენშტაინი და ნორვეგია.
საქართველოს მსგავსად, ირანის წინააღმდეგ მიღებული სანქციების შეერთების სიაში არ არიან თურქეთი და სერბეთი. ევროკავშირი მიესალმება იმ პარტნიორი ქვეყნების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ეროვნული პოლიტიკა EU-ს სანქციურ რეჟიმთან შესაბამისობაში მოიყვანეს.














