საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს

საქართველო გლობალური კონკურენტუნარიანობის რეიტინგში 139 ქვეყანას შორის 59-ე ადგილს იკავებს. შესაბამისი ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. წინა წელთან შედარებით საქართველომ კონკურენტუნარიანობის მხრივ პოზიცია შვიდი საფეხურით გააუმჯობესა. 2016-2017 წლის რეიტინგში საქართველოს 4,32 ქულა აქვს მინიჭებული.

სიაში პირველ ადგილს შვეიცარია იკავებს. მას მოსდევენ სინგაპური, აშშ, ნიდერლანდები და გერმანია. ბოლო სამეულს კი ჩადი, მავრიტანია და იემენი წარმოადგენენ.

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებს, თურქეთი რეიტინგში 55-ე ადგილზეა, სომხეთი – 79-ზე, აზერბაიჯანი – 37-ზე, რუსეთი კი 43-ზე.

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ექსპერტების შეფასებით, ევრაზიის რეგიონში საქართველოს ეკონომიკა ყველაზე მეტად გაუმჯობესდა.

“ყველაზე გაუმჯობესებული ევრაზიული ეკონომიკა საქართველო (შვიდი საფეხურით გადაინაცვლა წინ და 59-ე ადგილს იკავებს) და ტაჯიკეთია (5 საფეხურით გადაინაცვლა წინ და 77-ე ადგილს იკავებს). ორივე ქვეყანაში მოსალოდელია, რომ მშპ 2016 წელს 2,5 პროცენტზე მეტით გაიზრდება, რაც ბოლო ათწლეულის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია, თუმცა უფრო მაღალია, ვიდრე ევრაზიის სხვა ქვეყნებში”, – ნათქვამია ანგარიშში.

ანგარისში აღნიშნულია, რომ ევრაზიის რეგიონის ყველა ქვეყანაში, საქართველოს გარდა, ექსპორტის მოცულობა შემცირდა.

“ევრაზიის რეგიონის კონკურენტუნარიანობა ზოგადად სტაბილური იყო, თუმცა რეგიონის ქვეყნების უმეტესობა განიცდიდნენ პრობლემებს, რაც ნედლეულის ფასის ვარდნას, გაცვლითი კურსის რყევასა და რუსეთისა და უკრაინის რეცესიას, ასევე ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შეჩერებას უკავშირდება. ამ შოკებმა კონკურენტუნარიანობაზე ორი მიმართულებით მოახდინა გავლენა: ყველა ევრაზიული ქვეყნის ეკონომიკაში, საქართველოს გარდა, დაფიქსირდა ექსპორტის მაჩვენებლის ვარდნა, რამაც მათი ბაზრის მთლიანი მოცულობა შეამცირა”, – წერია მსოფლიო ეკონომიკუირ ფორუმის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

banner
წინა სტატიაშიია მეტრეველმა კანდიდატურა მოხსნა
შემდეგი სტატიადავით სერგეენკო : პაატა ბურჭულაძის პოლიტიკური გაერთიანება ჩემთვის თავიდანვე გამოცანა იყო