საქართველო გლობალური ეკონომიკის გზას ადგას და ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მნიშვნელოვანია

იან კელი

საქართველოში აშშ-ს ელჩი, იან კელი დღეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში აშშ-ს მთავრობის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. “საქპატენტის” ოფისში გამართულ შეხვედრას აშშ-ს საელჩოს ეკონომიკური ოფიცერი ჩარლზ სეტენი, USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელი დაგ ბოლი და სხვა პირები ესწრებოდნენ. “საქპატენტის” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ ამერიკის ელჩს USAID-ის მიერ დაფინანსებული ელექტრონული ფაილინგის და ელექტრონული მმართველობის სისტემის დანერგვის მიმდინარე პროექტი გააცნო, ასევე G-PriED-ის ხელშეწყობით, დაწყებითი კლასების მოსწავლეებისათვის ინტელექტუალური საკუთრების თემაზე შექმნილი სახელმძღვანელოების პროექტის მიმდინარეობა. “საქპატენტში” გამართულ შეხვედრაზე მომავალი თანამშრომლობის გეგმებზე ისაუბრეს. კერძოდ, “საქპატენტის” სამოქმედო გეგმის განხორციელებაში აშშ მთავრობის მხარდაჭერაზე, რომელიც მიზნად ისახავს ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო ცენტრის პროექტის მხარდაჭერას, ექსპერტიზის სრულყოფას, საინოვაციო საქმიანობისა და ბრენდინგის სისტემის განვითარების ხელშეწყობას. ასევე, მიმდინარე წელს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხით დაგეგმილი ღონისძიებების მხარდაჭერას და განხორციელებას. “საქპატენტს” აშშ-ს სხვადასხვა უწყებასთან აქვს ურთიერთობა. შეხვედრაზე განვიხილეთ მიმდინარე და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები, რომელიც ეხება საქართველოში საკუთრების უფლების აღსრულებას, დაცვის გაძლიერებას, ასევე “საქპატენტში” ექსპერტთა კვალიფიკაციის ამაღლებას და ამ კუთხით არსებულ პროექტებს”, – განაცხადა ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის “საქპატენტის” თავმჯდომარემ, ნიკოლოზ გოგილიძემ. თავის მხრივ, ამერიკის ელჩმა, იან კელიმ აღნიშნა, რომ საქართველო გლობალური ეკონომიკის გზას ადგას, გლობალური ეკონომიკა კი ცოდნაზე დაფუძნებულია და ამდენად ინტელექტუალური საკუთრების დაცვა საქართველოში ძალზე მნიშვნელოვანია. მან მადლიერება გამოხატა “საქპატენტის” ხელმძღვანელობის მიმართ იმ საქმიანობის გამო, რაც ინტელექტუალური საკუთრების დაცვის თვალსაზრისით საქართველოში საზოგადოების ინფორმირებულობას ითვალისწინებს.

http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/363433-ian-keli-saqarthvelo-globaluri-ekonomikis-gzas-adgas-da-inteleqtualuri-sakuthrebis-dacva-mnishvnelovania.html

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანში ვულკანის ამოფრქვევა მოხდა
შემდეგი სტატია,,ლართან მყისიერი გამოსავალი არ არსებობს, მექანიკური ჩარევები კი უარეს შედეგს გამოიწვევს”