საქართველო-ევროკავშირს შორის მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგი იწყება

ქ. თბილისში დაგეგმილია საქართველო-ევროკავშირის უსაფრთხოების საკითხებზე მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის პირველი შეხვედრა – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს:

“შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე, რის შემდეგაც სამუშაო სხდომას ევროკავშირის მხრიდან უხელმძღვანელებს საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი, ხოლო ქართული მხრიდან შეხვედრას გაუძღვება საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ვახტანგ მახარობლიშვილი. უსაფრთხოების საკითხზე მაღალი დონის დიალოგში მონაწილეობას ასევე მიიღებენ საქართველოს შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელი პირები.

აღსანიშნავია, რომ ქართული მხარე აქტიურად მუშაობს ევროკავშირთან თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში თანამშრომლობის განვითარების მიმართულებით, რათა მაქსიმალურად მოხდეს ევროკავშირის იმ ინსტიტუტებთან დაახლოება, რომელიც უზრუნველყოფს ევროპის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. დიალოგის ფარგლებში განხილული იქნება უსაფრთხოების თემებზე ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის პროცესში ევროკავშირის ჩართულობა; ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის და ერთიანი უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში თანამშრომლობა; ჰიბრიდული საფრთხეები; კიბერ-უსაფრთხოება; კრიზისული სიტუაციების მართვა; სტრატეგიულ კომუნიკაცია; გამოცდილების გაზიარება ისეთ გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებით, როგორიცაა რადიკალიზაცია და ექსტრემიზმი, და ა.შ.

მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის ფარგლებში საქართველოს ვიზიტით ეწვია ევროკავშირის საგარეო ქმედებათა ევროპული სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, ჟან-კრისტოფ ბელიარდი, რომელიც ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მონაწილეობას მიიღებს ბათუმში დაგეგმილ საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენციაში.” ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიბათუმში სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი იმართება
შემდეგი სტატია“სამართალდამცავებმა იმოქმედეს კანონის სრული დაცვით” – გიორგი კვირიკაშვილი საკრებულოსთან განვითარებულ მოვლენებზე