საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო რუსეთს მოუწოდებს შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს ერთობლივ პრესრელიზს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ საბჭო ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონის აფხაზეთს შორის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების გამო. საბჭოს პრესრელიზში ნათქვამია, რომ ეს ნაბიჯი ზიანს აყენებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში.
“2016 წლის 2 დეკემბერს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მე-3 სხდომა გაიმართა. ასოცირების საბჭო წარმოადგენს უმაღლეს ფორმალურ ორგანოს, რომელიც საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში შეიქმნა ხელშეკრულების განხორციელების მონიტორინგისა და საერთო ინტერესებში არსებული საკითხების განხილვის მიზნით. ნიშანდობლივია, რომ სხდომა ჩატარდა ა.წ. 1 ივლისს ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლის და მისი სრულმასშტაბიანი ამოქმედების შემდეგ.

ასოცირების საბჭო მიესალმა ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონკურენტულ, კარგად ადმინისტრირებულ გარემოში ჩატარებას, რომლის დროსაც ზოგადად დაცულ იქნა ფუნდამენტური თავისუფლებები, როგორც ეს ხაზგასმულია ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წინასწარ ანგარიშში. მხარეებმა ხაზი გაუსვეს არჩევნების ადმინისტრირებასთან დაკავშირებით დაფიქსირებულ ყველა რეკომენდაციაზე რეაგირების მნიშვნელობას იმისათვის, რომ კიდევ უფრო გაუმჯობესდეს დემოკრატიული არჩევნების ჩატარებისთვის ხელსაყრელი გარემო. ასოცირების საბჭო თანხმდება, რომ ძლიერი საპარლამენტო უმრავლესობა მეტ პასუხისმგებლობას გულისხმობს საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუციების გაძლიერების, პლურალისტური დემოკრატიის კონსოლიდაციისა და რეფორმების გაგრძელების მიზნით. ევროკავშირმა მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობაზე საქართველო-ევროკავშირის ერთიანი დღის წესრიგის შესრულების მიზნით.

ასოცირების საბჭომ ცნობად მიიღო საქართველოს შესახებ ასოცირების განხორციელების 2016 წლის ანგარიში და პოზიტიურად შეაფასა 2015 წლის ნოემბერში გამართული ასოცირების საბჭოს შემდეგ საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში მიღწეული მნიშვნელოვანი პროგრესი. მხარეებმა აღიარეს საქართველოს ევროპული მისწრაფებები, ევროპული არჩევანი და საერთო მიზანი ხელი შეუწყონ დემოკრატიული, სტაბილური და წარმატებული ქვეყნის მშენებლობას. მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს ევროკავშირთან საქართველოს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციისადმი მტკიცე მხარდაჭერა. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა 2017-2020 წლებისთვის ასოცირების დღის წესრიგის პრიორიტეტების განსაზღვრის მნიშვნელობას და მიესალმა ამ პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გლობალურ სტრატეგიაში ასახულ საერთო ხედვას, რომელიც ძლიერი სახელმწიფოს, სტაბილური ინსტიტუციებისა და საზოგადოების მშენებლობას გულისხმობს.

ასოცირების საბჭო მიესალმა საქართველოს პროგრესს მართლმსაჯულების სფეროში ყოვლისმომცველი რეფორმების განხორციელების კუთხით. მხარეები თანხმდებიან, რომ საქართველომ უნდა განაგრძოს მიღწეული პროგრესის კონსოლიდაცია. ევროკავშირმა დაადასტურა მზაობა, რომ გააგრძელებს საქართველოს დახმარებას სასამართლო რეფორმისა და კანონის უზენაესობის გაძლიერების პროცესში.

მიესალმა რა საქართველოს მიერ სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი პირობის წარმატებით შესრულებას, ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ბიომეტრიული პასპორტების მქონე საქართველოს მოქალაქეებისთვის შენგენის სივრცეში უვიზო მიმოსვლის მინიჭებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების სწრაფად მიღების მნიშვნელობას.

მხარეები მიესალმნენ ეკონომიკური ინტეგრაციის შედეგად მიღებულ პირველ შედეგებს, რომელიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების განხორციელებამ მოიტანა. საქართველოს დელეგაციამ გრძელვადიანი მდგრადი განვითარება და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდა დაასახელა მთავრობის საშინაო რეფორმების ძირითად პრიორიტეტად, რაც თანხვედრაშია ასოცირების შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებთან. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა ჯანსაღი მაკროეკონომიკური პოლიტიკის გატარების მნიშვნელობას და მიესალმა საქართველოს მიერ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობას.

ასოცირების საბჭო მიესალმა DCFTA-ის დროებითი ამოქმედების შედეგად საქართველოსა და ევროკავშირს შორის ვაჭრობის დარგში არსებულ პოზიტიურ ტენდენციებს. მხარეებმა ხაზი გაუსვეს ქართული პროდუქციისთვის ევროკავშირის ბაზრის შემდგომი გახსნის მიზნით მეტი წარმატების მიღწევისა და პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვისთვის DCFTA-ის უპირატესობების შესახებ კომუნიკაციის გაუმჯობესების მნიშვნელობას. მხარეები მიესალმნენ წარმოშობის წესების შესახებ ევროპის და ხმელთაშუა ზღვის ქვეყნების კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილებას კონვენციაზე საქართველოს, როგორც ხელშემკვრელი მხარის, მიერთებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქართული პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის ზრდას.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ როლს ენერგეტიკული და სატრანსპორტო კავშირების სფეროში და მიესალმა 2016 წლის 14 ოქტომბერს ენერგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების შესახებ ოქმზე ხელმოწერას, რაც ასოცირების შეთანხმების განხორციელების ერთ-ერთ ელემენტს წარმოადგენს.

ასოცირების საბჭო მიესალმა ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაწეულ სოლიდურ დახმარებას, რომელიც 2014-2017 წლების პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ასოცირების შეთანხმებითა და ასოცირების დღის წესრიგით გათვალისწინებული ამბიციური პოლიტიკური, სასამართლო და ეკონომიკური რეფორმების გატარების მხარდაჭერის მიზნით, წლიური დაფინანსება საშუალოდ 100 მლნ ევროს შეადგენს. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა საქართველოს ეკონომიკაში ევროკავშირის ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მნიშვნელობას და მიესალმა ინიციატივას, რომ 2017-2020 წლებზე გათვლილი დახმარება ფოკუსირებული იყოს ეკონომიკურ ზრდაზე, კერძო სექტორის მხარდაჭერასა და ფასეულობათა ეფექტიანი ჯაჭვის განვითარებაზე, ასევე, მაღალი საექსპორტო პოტენციალის მქონე განსაზღვრულ დარგებში და/ან იმპორტის ჩანაცვლების მიზნით, კონკურენტუნარიანობის ამაღლებაზე.

მხარეები მიესალმნენ და ხაზი გაუსვეს სტრატეგიული კომუნიკაციის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის წარმატებული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

ევროკავშირმა მზაობა გამოხატა ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირის პროგრამებში ჩართულობის გაზრდას, რაც კონკრეტულ სარგებელს მოუტანს ქვეყნის მოსახლეობას. ასოცირების საბჭომ დადებითად შეაფასა საქართველოსა და ევროკავშირის სააგენტოებს შორის თანამშრომლობის ინტენსიფიკაცია და მიესალმა ამ მიმართულებით განსაზღვრულ სამომავლო ნაბიჯებს. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერებას ევროკავშირისა და საქართველოს შესაბამის ინსტიტუციებს შორის დიალოგის გაღრმავებისა და ევროკავშირის ინსტრუმენტების ეფექტიანი გამოყენების გზით.

ევროკავშირმა განმეორებით დაადასტურა მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფისა და კონფლიქტის გადაწყვეტისადმი. ამ მიზნით, ევროკავშირმა მზაობა გამოხატა, რომ ყოვლისმომცველი მიდგომის ფარგლებში, გამოიყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა ინსტრუმენტს, მათ შორის არაღიარებისა და საქართველოში ჩართულობის პოლიტიკას. ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში და საქართველოში კრიზისის საკითხებში, ევროკავშირის მედიაცია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ამ მხარდაჭერის თვალსაჩინო და არსებითი გამოხატულებაა.

ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების გადამწყვეტ მნიშვნელობას საქართველოში კონფლიქტიდან მომდინარე გამოწვევებზე რეაგირებისა და მათი გადაწყვეტის თვალსაზრისით. საბჭო ასევე თანხმდება, რომ სრულფასოვნად მოქმედი ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები აუცილებელია ადგილზე ნდობის, პროგნოზირებადობისა და გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად. ხაზი გაესვა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წვლილს ადგილზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პროცესში.

ასოცირების საბჭომ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონს შორის „შეიარაღებული ძალების გაერთიანებული დაჯგუფების“ შექმნის შესახებ ე.წ. შეთანხმების რატიფიცირების გამო და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი ზიანს აყენებს უსაფრთხოებასა და სტაბილურობას რეგიონში. ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ ამ ე.წ. შეთანხმებას ისევე როგორც მანამდე რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთის რეგიონს შორის დადებულ ე.წ. შეთანხმებას „სახელმწიფო საზღვრის შესახებ“, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთის რეგიონთან გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებებს“ ევროკავშირისთვის სამართლებრივი სტატუსი არ გააჩნია. ეს ე.წ. შეთანხმებები არღვევს საერთაშორისო სამართალს, მათ შორის საქართველოს სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპს.

ასოცირების საბჭომ რუსეთის ფედერაციას მოუწოდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები და 2008 წლის 8 სექტემბრის შეთანხმების შემდგომი საიმპლემენტაციო ზომები და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოს აფხაზეთის რეგიონსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთის რეგიონში დაშვება. მხარეებმა შეშფოთება გამოხატეს აღნიშნულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის, მათ შორის გადაადგილების თავისუფლებისა და საქართველოს აფხაზეთის რეგიონში მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობის, კუთხით არსებული ვითარების გამო.

ასოცირების საბჭომ დაადასტურა საზოგადოების ფართო ჩართულობის პოლიტიკის გაგრძელებისა და ინტენსიფიკაციის მნიშვნელობა და საქართველოს მოუწოდა, გააგრძელოს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსახლეობასთან კომუნიკაციისკენ მიმართული ძალისხმევა. ასოცირების საბჭომ აღნიშნა გამყოფი ხაზის ორივე მხარეს ხალხთა შორის კონტაქტებისა და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობაში ნდობის აღდგენისკენ მიმართული ზომების შემდგომი ხელშეწყობის, ასევე შერიგების წამახალისებელი ნაბიჯების მნიშვნელობა.

ევროკავშირმა მადლიერება გამოხატა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და მალიში მიმდინარე ევროკავშირის კრიზისების მართვის ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მიერ შეტანილი წვლილისთვის და მზაობა გამოთქვა ამ მხრივ საქართველოს შესაბამისი შესაძლებლობების გაძლიერების მიზნით.

ევროკავშირმა დადებითად შეაფასა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მრავალმხრივ ფორმატში საქართველოს აქტიური მონაწილეობა. ის მიესალმა ევროპული სამეზობლო პოლიტიკის გადახედვისა და საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის შესახებ გლობალური სტრატეგიის შემუშავების პროცესში საქართველოს მიერ შეტანილ წვლილს. ასოცირების საბჭომ ხაზი გაუსვა სტრატეგიების საფუძველზე ნათელი და კონკრეტული პრიორიტეტების განსაზღვრისა და შედეგების მიღწევის მნიშვნელობას.

ასოცირების საბჭოს თავმჯდომარეობდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ფედერიკა მოგერინი. საქართველოს მთავრობის წევრებისგან შემდგარ დელეგაციას ხელმძღვანელობდა პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.” ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაში“მედიის თავისუფლებაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და ჩვენ, ევროკავშირში ერთი და იგივე შეფასება გვაქვს”
შემდეგი სტატია“ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას, რომ არჩევნების შემდეგ პირველი ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში ჩამოვიდა”