საქართველო და ტაილანდი უვიზო რეჟიმის შემოღების შესაძლებლობაზე მსჯელობენ

ტაილანდის სამეფოსა და საქართველოს შორის ხელი მოეწერა სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება.

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 73-ე სესიის ფარგლებში დოკუმენტს ხელი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვახტანგ მახარობლიშვილმა და ტაილანდის სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვირასაკდი ფუტრაკულმა მოაწერეს.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ დოკუმენტის ხელმოწერა კარგ საფუძველს ქმნის საქართველოსა და ტაილანდის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შემოღებისთვის.

მხარეებმა გამოხატეს დაინტერესება განავითარონ თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორის, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიფიკაციას, ტურიზმის განვითარებასა და ხალხთაშორისი კონტაქტების გაუმჯობესებას. გამოიხატა დაინტერესება ორმხრივი ბიზნეს-ფორუმების ორგანიზების, ასევე ტაილანდის თანამშრომლობის სააგენტოსთან (TICA) თანამშრომლობის განვითარების.

„კმაყოფილებით აღინიშნა ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლის იუბილე და ამ ხნის განმავლობაში ჩამოყალიბებული მეგობრული თანამშრომლობა. მხარეები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების განხორციელებისთვის. ვახტანგ მახარობლიშვილმა ტაილანდელ კოლეგას ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს საინვესტიციო გარემოს, ქვეყენაში მიმდინარე ეკონომიკური რეფორმების, საქართველოს რეგიონალური როლისა და საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებასა და საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას“, – აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი მთავარ პროკურატურას ლევან ყიფიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას სთხოვს
შემდეგი სტატიამინიმალური ფსონი 1000 ლარია – ,,გირჩი” ,,ნაციონალებს” ჰანდიკაპს სთავაზობს