საქართველო და მსოფლიო წყალს წაუღია, ოღონდ ივანიშვილის ფული იყოს უსაფრთხოდ – ამას ადასტურებს ანთებული კობახიძე და მმართველი პარტიის წევრები, რომლებიც ჩამწკრივდნენ და საუბრობენ, რომ ივანიშვილის კაპიტალი უნდა იყოს დაცული – ნაცვლიშვილი

ახლა, როდესაც ბიძინა ივანიშვილის ფინანსებს ექმნება დისკომფორტი და საფრთხე, ის პროაქტიულად გამოდის სცენაზე. ყველაფერი ნათელია, ამ ადამიანის პრიორიტეტები არის ერთადერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრირებული, ეს არის მისი ფული და მისი ფულის უსაფრთხოება, საქართველო და მსოფლიო წყალს წაუღია, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რითაც შვეიცარიული ბანკ Credit Suisse-ს მიერ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის კომპანიისთვის თანხების გადარიცხვის შეფერხებას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, გაუგებარია, თუ რატომ ეხმაურება მმართველი პარტია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსებთან დაკავშირებულ საკითხებს. მისი თქმით, ეს ააშკარავებს „ქართული ოცნების“ მორიგ ტყუილს, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წავიდა და რიგითი მოქალაქის სტატუსით სარგებლობს.

„ჩემთვის გაუგებარი იყო მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე რატომ ეხმაურება რიგითი მოქალაქის, ბიძინა ივანიშვილის ფინანსური ინტერესების ირგვლივ მიმდინარე დავას. ეს ააშკარავებს „ქართული ოცნების“ მორიგ ტყუილს. წლების განმავლობაში ირაკლი კობახიძე და მათი გუნდი საზოგადოებას უმტკიცებდა, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან წასულია და სარგებლობს რიგითი მოქალაქის სტატუსით. მაშინ, რატომ არის ეს თემა მმართველი პარტიისთვის დღის წესრიგის მთავარი საკითხი? გინახავთ ირაკლი კობახიძე, რომელიც გამოხმაურებია რომელიმე სხვა მოქალაქის ფინანსური ტრანზაქციების ირგვლივ შექმნილ საკითხებს? ანუ ტყუიან, როცა ამბობენ, რომ ივანიშვილი არ არის ჩართული პოლიტიკაში და რომ ის რიგითი მოქალაქეა?“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მისი განცხადებით, ვინც არ არის დასავლური წესრიგის დამცველი და გულშემატკივარი, უნდა ჰქონდეს შიში, რომ დასავლეთი ამიერიდან მას სხვანაირად დაელაპარაკება.

„ბოლო თვეების განმავლობაში, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მსოფლიოში ძალიან დრამატული და მძიმე ვითარება გვაქვს. საქართველომ დაკარგა კოვიდთან ბრძოლაში, ოფიციალური სტატისტიკით, 16 000 -ზე მეტი ადამიანი. მიმდინარეობს 21-ე საუკუნის ბარბაროსული და უმძიმესი ტრაგედია. ამდენი პრობლემის ფონზე ჩვენ არ გვახსოვს ბიძინა ივანიშვილის არც ერთი კომენტარი. ახლა, როდესაც მის ფინანსებს ექმნება დისკომფორტი და საფრთხე, ის პროაქტიულად გამოდის სცენაზე. ყველაფერი ნათელია, ამ ადამიანის პრიორიტეტები არის ერთადერთი საკითხის ირგვლივ კონცენტრირებული, ეს არის მისი ფული და მისი ფულის უსაფრთხოება, საქართველო და მსოფლიო წყალს წაუღია, ოღონდ მისი ფული იყოს უსაფრთხოდ. ამას ადასტურებს ანთებული ირაკლი კობახიძე და მმართველი პარტია, რომელიც ჩამწკრივდა და ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნისთვის საჭირბოროტო საკითხებზე საუბრობდნენ დეპუტატები, საუბრობენ იმაზე, რომ ივანიშვილის კაპიტალი უნდა იყოს დაცული.

უკრაინა-რუსეთის ომი არის წყალგამყოფი. ან ხარ დასავლურ სამყაროსთან და მისი ცივილიზაციის დამცველი ან ხარ სისხლიანი რუსეთის მხარეს. შუალედი აქ არ არსებობს. ყველა, ვინც არ არის დასავლური წესრიგის დამცველი და გულშემატკივარი, ის ავტომატურად არის ბარბაროსული რუსეთის მხარეს და შესაბამისად, ყველა ასეთ ადამიანს უნდა ჰქონდეს შიში, რომ დასავლეთი ამიერიდან მას სხვანაირად დაელაპარაკება“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიექიმებს დაუჯეროს და ულტიმატუმებს თავი დაანებოს – მდინარაძე მიხეილ სააკაშვილზე
შემდეგი სტატიააშშ-ის მიზანია, შეზღუდოს რუსეთის პოლიტიკური გავლენა მსოფლიოში – მედვედევი