საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის მორიგი სხდომა ერთი თვის ფარგლებში გაიმართება

region
: region მაისი 28, 2019 16:23

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის მორიგი სხდომა ერთი თვის ფარგლებში გაიმართება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია აცხადებს, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის მორიგი სხდომა დაახლოებით, ერთი თვის ფარგლებში გაიმართება. მისი თქმით, ამ შეხვედრამდე ჩატარდება გარკვეული ტიპის სამუშაოები, მათ შორის, საველე სამუშაოებიც.

„ერთობლივი შეხვედრები იქნება ექსპერტების დონეზე. ამის შემდგომ უკვე კომისიები შეიკრიბებიან და კიდევ ერთხელ განიხილავენ დაგროვილ ინფორმაციას და ერთმანეთის პოზიციებს. მინდა გითხრათ, რომ მთავარი მოტივაცია და მთავარი მიზანი არის, რომ მოხდეს პოზიციების შეჯერება და ქვეყნებმა მიაღწიონ შეჯერებულ პოზიციას შეუთანხმებელ მონაკვეთებზე, რომელიც დაახლოებით 14-მდე მონაკვეთია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

მისივე თქმით, საქართველოს საგარეო უწყება თანამშრომლობს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს პარლამენტთანაც.

„თუ იქნება პარლამენტში შეხვედრები, ჩვენ სიამოვნებით გავაცნობთ დეპუტატებს ნებისმიერ ინფორმაციას დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხებთან დაკავშირებით. როგორც კი გაიმართება ეს შეხვედრა, ჩვენ მზად ვართ, გავაცნოთ საქართველოს პარლამენტის წევრებს სრულყოფილი ინფორმაცია“, – აცხადებს ლაშა დარსალია.

მისივე თქმით, რაც შეეხება იქ არსებულ ვითარებას, ამ ეტაპზე ვითარება სტაბილურია.

„ზოგადად, ძალიან მნიშვნელოვანია, ემოციურმა ფონმა თანდათან ჩაიაროს, რათა კომისიებს მიეცეთ საშუალება, მშვიდ ვითარებაში გააგრძელონ მუშაობა. გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ საქართველოსა და აზერბაიჯანს არაფერი აქვთ საჩხუბარი არც ერთ საკითხზე, შესაძლებელია და ქვეყნების მოტივაციაა ორივე მხრიდან, რომ ჩვენ მშვიდ გარემოში მივაღწიოთ ასეთ შეთანხმებას, რომელიც ხელსაყრელია, მისაღებია, ორივე ქვეყნის საზოგადოებებისთვის. ამისთვის მნიშვნელოვანია, არ იყოს ემოციური ფონი, ურთიერთბრალდებები და ა.შ. მნიშვნელოვანია ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობები. ვიფიქროთ ამ მხრივ და მივუდგეთ ყველა საკითხს დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, ვფიქრობ, რომ შესაძლებელი იქნება, მუშაობის გაგრძელება მშვიდ გარემოში“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

region
: region მაისი 28, 2019 16:23

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


7,133
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics