საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. რუბიომ აღნიშნა, რომ ქართულმა მხარემ ვაშინგტონს ჰკითხა, რა იქნებოდა საჭირო ურთიერთობების გასაუმჯობესებლად, რაზეც მათ პასუხი გასცეს და ახლა თბილისისგან „ქცევის ტრაექტორიის შეცვლას“ ელიან.
ირაკლი კობახიძე კატეგორიულად უარყოფს, რომ ამერიკულ მხარესთან მსგავსი შინაარსის კითხვა საერთოდ დასმულა და აცხადებს, რომ საქართველოს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, „გამოსწორებას“ ვერავინ მოსთხოვს:
„ჩვენ არასდროს, არასდროს ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. ჩვენ გვაქვს ის გზავნილი, რაც საჯაროდაც განვაცხადეთ. საქართველო არ არის სკოლის მოსწავლე, რომ საშემოდგომო გამოაყოლოს ვინმემ და გამოსწორება მოსთხოვოს. საქართველო არის ღირსეული სუვერენული სახელმწიფო და ეს მკაფიოდ დავაფიქსირეთ ყველგან“, — განაცხადა კობახიძემ.
ჟურნალისტების კითხვაზე — ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იტყუება, პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ საქმე უფრო ინტერპრეტაციას ეხება, თუმცა ფაქტი უცვლელია:
„ტყუილი რა შუაშია, ადამიანი როდესაც საუბრობს, შეიძლება თავისი ინტერპრეტაციით რაღაც თქვას. მე სრული პასუხისმგებლობით გეუბნებით, რომ არც მე და არც რომელიმე ჩემს კოლეგას ასეთი კითხვა არ დაგვისვამს. შეიძლება ადამიანმა რაღაც ასე ან ისე თქვას, მაგრამ მე გეუბნებით, რა იყო ფაქტი. ჩვენ უბრალოდ ვთქვით, რომ მზად ვართ განვიხილოთ ყველა დეტალი, რაც დაკავშირებულია სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენასთან“, — აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
















